„საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა და სინამდვილეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება აბსურდულია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებისადმი მოსახლეობის ნდობის საკითხი, ფაქტობრივად ისეთ დონეზეა როგორც რუსეთის, ბელარუსის ან ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებების მიმართ.
„როგორც ვერ ვენდობით რუსეთის, ბელარუსის ან ჩრდილოეთ კორეის რომელიმე ინსტიტუტის განცხადებას, გვექნება ეჭვები თუ რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს, რა არის რეალური მოტივი, რის გამოც კეთდება ეს განცხადება, ზუსტად მსგავსად არის საქართველოშიც.
მივიღეთ სისტემა, რომელსაც არ შეიძლება ენდო მათი მოტივიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მათი მოტივი არ არის სიმართლის თქმა. მათი მოტივი არის ძალაუფლების შენარჩუნება და როცა ასეა საქმე კითხვის ნიშანი უჩნდება მოქალაქეს ყველაფერზე, რასაც ამბობს მმართველი პოლიტიკური გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი.
როდესაც ასეთი მოცემულობაა ქვეყანაში, გამორიცხულია ამას არ ჰქონდეს ეფექტი ეკონომიკაზე. საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა და სინამდვილეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, აბსურდულია. მაგალითისთვის ავიღოთ ინფლაცია, რომლის შეფასება ყველას შეუძლია თავისი ყოველდღიურობიდან გამომდინარე: ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რეალურად თქვას, რა პროცენტით გაიზარდა ფასები წინა წელთან შედარებით. როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ზრდა იყო 2%-ით, ბუნებრივია კითხვა გვიჩნდება, რამდენად სწორად არის შედგენილი კალათა, რომელიც 304-305 პრროდუქციისგან შედგება.
ახლა გამოვა კიდევ ერთი მთავრობის წარმომადგენელი და იტყვის, რომ იანვარში გვქონდა 50%-იანი ეკონომიკური ზრდა, სად არის ის ინსტიტუტი, რომელიც იტყვის რომ ეს ასე არ არის. რაც არ უნდა თქვას ხელისუფლების წარმომადგენელმა ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რადგან არცერთი ინსტიტუტი არ გაუწევს წინააღმდეგობას,“ - აღნიშნა ქიქავამ.