რუსულ დასახლება სირიუსსა და სოხუმს შორის ახალი ჩქაროსნული ელექტრომატარებლის სატესტო რეისი შესრულდება

დღეს რუსეთის ფედერალურ ტერიტორია სირიუსსა და სოხუმს შორის ახალი ჩქაროსნული ელექტრომატარებლით პირველი სატესტო რეისი შესრულდება, რომელზე მგზავრობის დროც 3:20 საათს შეადგენს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომელიც აფხაზეთში კრემლის ახალი კურატორია.

ინფორმაციას TASS ავრცელებს.

კირიენკო რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლებს 26 თებერვალს შეხვდა და სირიუსსა და სოხუმს შორის რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის გაშვებაზე საბოლოო საკითხები შეათანხმა.

სირიუსი კრასნოდარის მხარეში ქალაქური ტიპის დასახლება, ხოლო რუსეთში პირველი ფედერალური ტერიტორიაა. ახალი საქალაქო წესდების მიღებამდე ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სტრუქტურის ფარგლებში დროებით ქალაქ სოჭს ეკუთვნოდა.

კირიენკოს ცნობით, „1-ლი მაისიდან ელექტრომატარებელი რეგულარულად ამუშავდება“. მან დააზუსტა, რომ მატარებლები როგორც სირიუსის, ასევე, სოხუმის სადგურებიდან დილით ადრე გავლენ, ხოლო უკან საღამომდე დაბრუნდებიან.

ბილეთის ღირებულება 380 რუბლი (4,5 დოლარამდე) იქნება, რაც, კირიენკოს თქმით, „ლასტოჩკას“ მატარებლის ბილეთის ფასზე სამჯერ და მეტად ნაკლებია.

ამასთან, კრემლის კურატორი ამბობს, რომ ახალ მატარებელს „ლასტოჩკა“ არ დაერქმევა, რადგან „აფხაზი კოლეგები ითხოვდნენ, ახალი ჩქაროსნული მატარებლისთვის სახელის შერჩევის უფლება აფხაზეთს ჰქონოდა.“ ამაზე რუსული მხარე, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელობასთან ერთად, დათანხმდა. თუმცა კირიენკო აქვე პირობას აჟღერებს, რომ სახელი ვინმე „უფროსის ან ხელმძღვანელის მიერ კი არა, აფხაზეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.“

ამასთან, კრემლის კურატორის ცნობით, ახალ მატარებელს ახალგაზრდა აფხაზი და რუსი მხატვრები მოხატავენ. კერძოდ, სატესტო რეისისთვის ერთ-ერთი ვაგონი ამ მხატვრებს გადაეცემა, რომელზეც ისინი წარმოადგენენ თავიანთ პროექტებსა და იდეებს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მატარებელი. იმ მხატვრებს, რომელთა ესკიზებიც გაიმარჯვებს, რუსეთის რკინიგზა ელექტრომატარებლის მთლიანი მოხატვის დაწყებისას ქარხანაში მიიწვევს, რომ თავიანთი ესკიზების რეალიზაციის სისწორეში ადგილზე დარწმუნდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ