დღეს სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან მეორე რეისი შესრულდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ და აფხაზეთში კრემლის ახალმა კურატორმა, სერგეი კირიენკომ რუს ჟურნალისტებს განუცხადა.
კერძოდ, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური რეისით აფხაზეთის მთავარ ქალაქში ექიმები ჩავლენ.
კირიენკოს ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური რეისი აფხაზი ექიმებისა და აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით შესრულდება.
“საბედნიეროდ, ასაფრენი ბილიკი მზად არის. შესაბამისად, ამ ბორტით რუსი ექიმები მიფრინავენ, რომ ბავშვები და ზრდასრული პაციენტები რუსულ კლინიკებში გადაიყვანონ,” - ამბობს კირეინკო.
კრემლის კურატორის თქმით, “რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აფხაზეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1ელ მაისს დაიწყება.”
„რაკი აეროპორტის ყველა საჭირო სისტემის ფუნქციონირება პირველი სატესტო რეისით შემოწმდა, უკვე შეიძლება, სრულად დავადასტუროთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სოხუმის აეროპორტში რეგულარული ავიამიმოსვლა 1 მაისიდან დაიწყება,“ - ხაზგასმით აცხადებს კირიენკო.
ცნობისთვის: იანვრის ბოლო-თებერვლის დასაწყისში სოხუმში ვიზიტის დროს სერგეი კირიენკომ აეროპორტის 1-ლი მაისისთვის გახსნა, ხოლო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის რეგულარული რეისების ამოქმედება მოითხოვა. 7 თებერვალს აღდგენილ აეროპორტში, სატესტო რესისის ფარგლებში, რუსული ავიაკომპანია UVT Aero-ს პირველი თვითმფრინავი დაეშვა. აფხაზეთში რეისებს სწორედ ეს ავიაკომპანია შეასრულებს. საწყის ეტაპზე სოხუმში რეისები შესაძლოა, მოსკოვიდან, ყაზანიდან, ეკატერინბურგიდან, ნიჟნი-ნოვგოროდიდან და პერმიდან შესრულდეს. სეზონის მიხედვით ორმხრივი ბილეთის სავარაუდო ფასად 232-დან 464 დოლარამდე, ხოლო ცალმხრივის 186-209 დოლარი სახელდება. აფხაზეთის დე ფაქტო ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს 2 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით მიიღებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ