რისი აშენება იგეგმება ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე (+ფოტოები)

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების ცენტრის - BREUS ART CENTRE აშენება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფო ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა იყიდა. ქონება 16 020 000 ლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ბრეუსის კუთვნილმა კომპანიამ „ჰანსმა“ მერიის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეათანხმა პროექტის ესკიზი.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტის მიხედვით ნარჩუნდება მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს ძირითადი ნაწილი, უკანა ფასადის მიშენების გარდა, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს. ასევე ნარჩუნდება შენობის ისტორიული და კულტურული იერსახე.

რა პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე

„საპროექტო ტერიტორიაზე, მდებარეობს ყოფილი მიხეილის საავადმყოფო. ასევე ამ ნაკვეთზე შეინიშნება სხვა შენობა-ნაგებობები. კერძოდ, გოთიკური შენობა, კლინიკის ინსტიტუტი, ყოფილი ექიმის რეზიდენცია და აფთიაქის შენობა.

საპროექტო ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე ხელოვნების ცენტრის აშენება. პროექტის მიხედვით ნარჩუნდება მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს ძირითადი ნაწილი, უკანა ფასადის მიშენების გარდა, რომელიც ექვემდებარება დემონტაჟს. ნარჩუნდება შენობის ისტორიული და კულტურული იერსახე.

xelovnebis-centri-marjanishvilze1-1740737752.jpg

მიწის იმ მონაკვეთზე სადაც ადრე ისტორიულად იდგა შენობის მეორე ნაწილი, ახლანდელი პროექტით გათვალისწინებულია მიშენება, რომელიც დააკავშირებს ძველსა და ახალ შენობებს. ძველი საავადმყოფოს პირველ სართულზე განსაზღვრული იქნება საერთო სივრცე/ლობი, კაფე, ბიბლიოთეკა, ბილეთების ოფისი და მაღაზიები. ძველი შენობის მიწისქვეშა სართული იქნება განკუთვნილი მომსახურე პერსონალისთვის. ამავე სართულზე მოხდება პარკინგისა და შავი სამზარეულოების სივრცეების დაკავშირება. ახალი საკვები პროდუქტების მიღება, დამუშავება, შენახვა და ნარჩენების გატანა უზრუნველყოფილი იქნება ამ სართულიდან. ძველი შენობის მეორე სართული დაეთმობა საგანმანათლებლო და საოფისე სივრცეებს.

შენობის შესასვლელიდან უკვე აღქმადი იქნება დიდი საერთო სივრცე და საგამოფენო სივრცეში შესასვლელი. ახალ შენობაში პირველ სართულზე დაგეგმილია დროებითი საგამოფენო სივრცე, ხოლო -1 სართულზე, პერმანენტული კოლექციისთვის განკუთვნილი დარბაზები. ასევე ამ დონეზე იქნება გათვალისწინებული ხელოვნების ნიმუშების მიღების ლოჯისტიკის სივრცეები. ექსპონატებს სპეციალურად განკუთვნილი შემოსასვლელით, შემოიტანენ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ოთახები არის გამოყოფილი კარანტინისთვის, აღდგენილით სამუშაოებისთვის, ასევე ცალ-ცალკე იქნება გამოყოფილი მუდმივი და დროებითი საცავები.

xelovnebis-centri-marjanishvilze2-1740737786.jpg

სახურავის სართულზე იქნება გათვალისწინებული ღონისძიებების სივრცე და ხელოვნების ცენტრის კაფე. ასევე სახურავის ნაწილი გადახურული იქნება, ნაწილი ღია საზოგადოებრივი სივრცე. სახურავის ფორმა შთაგონებულია გულისცემის ვიზუალიზაციით. გადახურვის ჩრდილოთით იქნება გამჭოლი, შუშის ფასადები, რათა ბუნებრივმა განათებამ შეაღწიოს ლობის გახსნილ ნაწილში. სამხრეთით კი, სახურავზე იქნება გათვალისწინებული მზის პანელები. სახურავის ნაწილი გადმოდის და თითქმის სრულად ფარავს ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს წინ არსებულ პლაზას, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ გადახურული სივრცე, სადაც ხალხი თავს იყრის ნებისმიერ ამინდში.

გოთიკურ და კლინიკის შენობაში, გათვალისწინებულია პროექტით წინა და გვერდითა ფასადის შენარჩუნება. არსებული შენობის ორ სართულზე დაგეგმილია, პრემიუმ რესტორანი&ბარი, კაფეტერია, მიწისქვეშ კი განთავსებული იქნება კინო კლუბი სხავდასხვა დარბაზებით და აუდიტორიის სივრცით.

ყოფილი ექიმის სახლის შენობა იქნება გადაკეთებული ოფისებად. ასევე შენარჩუნდება წინა და გვერდითა ფასადები,“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

xelovnebis-centri-marjanishvilze3-1740737802.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze4-1740737818.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze12-1740737838.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze9-1740737860.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze5-1740737880.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze8-1740737906.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze7-1740737922.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze11-1740737941.jpg

xelovnebis-centri-marjanishvilze10-1740737960.jpg

თაია არდოტელი