2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2 892 ერთეული შეადგინა, - ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, დედაქალაქში იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით, ტრანზაქციების 7.5%-იანი კლება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 2.9%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
„2025 წლის იანვარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2024 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 29.2%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა 29.2%-ზე დიდი კლება 2012 წლიდან მხოლოდ პანდემიის პერიოდში დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 8.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 5.8%-ით მოიმატა.
ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის იანვარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 7.1%-ით გაიზარდა.
2025 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იანვართან შედარებით 12.5%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 10.4% და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - ნათქვამია „ქოლიერსის“ კვლევაში.