„ეროვნულმა ბანკმა შეარბილა პოლიტიკა,“ - ასე ეხმაურება საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სებ-ის გადაწყვეტილებას, რომლითაც სესხის გაცემის პირობები შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე მიირეს გადაწყვეტილება, რომლითაც სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის 5 პროცენტული პუნქტით - 90%-მდე, გაიზარდა. ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე, გაიზარდა სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის.
საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა გადაცემაში „საქმე“ განმარტა თუ რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება იმ პირებისთვის, ვისაც სესხის აღება სურს.
„თუ ფიზიკურ პირს/შინამეურნეობას, გააჩნდა 100 ათასი ლარის უზრუნველყოფა (ანუ ქონება, რომელიც შეფასდა 100 ათას ლარად) სებ-ის ახალ გადაწყვეტილებამდე, მას ამ ქონების უზრუნველყოფით შეეძლო აეღო მაქსიმუმ 85 ათასი ლარი სესხად. ეროვნული ბანკის მიერ პოლიტიკის შერბილების შედეგად კი, 100 ათასიანი უზრუნველყოფის შემთხვევაში მოქალაქე შეიძლებს მაქსიმუმ 90 ათასი ლარის სესხი აიღოს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში საუბარია, იმ პირებზე/შინამეურნეობებზე, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში. შესაბამისად, პირს ვისაც შემოსავალი აქვს ეროვნულ ვალუტაში, ამიერიდან შეეძლება მის საკუთრებაში არსებული ქონების შეფასების 90% აიღოს სესხად.
ცვლილების შემდეგ, ადამიანებს შეეძლებათ მეტი კვადრატულობის შეძენა, შესაბამისად, ეს გადაწყვეყილება წაახალისებს იმ ადამიანებს, ვინც ყოყმანობდა აეღო თუ არა სესხი. ეს დამატებით ბენეფიტს უჩენს მათ, რომ მიმართონ ბანკებს.
ახლა ჩნდება კითხვა სებ-ის მიერ პოლიტიკის შერბილების შედეგად, რაოდენობაში გაიზრდება თუ არა იპოთეკური სესხები. ჩემი შეფასებით, რაოდენობაში შეიძლება არ დაგვეტყოს, მაგრამ მოცულობაში დაგვეტყობა. თუმცა, ამ პირველად შედეგებზე ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ მხოლოდ მეორე კვარტალის ბოლოს,“ - განაცხადა რუსიამ.
ცნობისთვის, სებ-ს თავის გადაწყვეტილებაში არ აქვს დაკონკრეტული თუ როდემდე იმოქმედებს სესხის უზრუნველყოფის ეს მაჩვენებლები. მათი შეფასებით, ეს არის დროებითი. დავით რუსიამ „საქმეში“ სტუმრობისას, ამ ვადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოლოდინით წელს ეროვნული ბანკის ამ ზღვარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას არ ელის.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გაზრდილი კოეფიციენტები მთელი 2025 წლის განმავლობაში იმოქმედებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წელს ეროვნული ბანკი მათ ძველ ნიშნულზე არ დააბრუნებს. თუმცა, ეროვნული ბანკი უახლოეს დღეებში მოახდენს ბანკებთან კომუნიკაციას, შეეცდება აუხსნას საფინანსო ინსტიტუტებს რითი იყო განპირობებული ეს გადაწყვეტილება, რა მოთხოვნები იქნება და ა.შ.,“ - განაცხადა რუსიამ.
იხილეთ ამავე თემაზე: რა იცვლება მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხის აღებისას - ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება
რა ღირს იპოთეკური და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები საქართველოში