საქართველოს გაზის იმპორტი გაუძვირდა - რამდენად ვყიდულობთ

საქართველოში გაზის იმპორტი გაიზარდა, ამასთან, მოიმატა შესყიდვის საშუალო ღირებულებამაც. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ქვეყანამ 70.491 მლნ დოლარის ღირებულების 455 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 65.793 მლნ დოლარის ღირებულების 457.4 მლნ კუბური მეტრი.

შესაბამისად გამოდის, რომ წელს იანვარში 1000 კუბურ მეტრზე საშუალო შესასყიდი ფასი 154 დოლარს შეადგენდა, 2024 წლის იანვარში კი 143 დოლარს. აქედან გამომდინარე, 2025 წლის იანვარში საქართველოს ბუნებრივი აირი 7.7%-ით გაუძვირდა.

როგორც ცნობილია, საქართველო გაზს რუსეთსა და აზერბაიჯანში ყიდულობს. თუმცა საქსტატი იმის შესახებ მონაცემებს, სად რა მოცულობის გაზს ყიდულობს ქვეყანა, არ აქვეყნებს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან გაუძვირდა საქართველოს ბუნებრივი აირის შესყიდვა.

რაც შეეხება იმპორტის ზოგად მაჩვენებელს ქვეყნების მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველომ აზერბაიჯანში 36.087 მლნ დოლარის გაზი იყიდა, რუსეთში კი 34.404 მლნ დოლარის.