დასავლეთ ევროპაში სატვირთო გადაზიდვებში ჩართული მძღოლის ხელფასი 3-ჯერ აღემატება ქართველის ხელფასს - როგორია ანაზღაურება

ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების, ცხოვრების დონის და გადასახადო პოლიტიკის განსხვავების გამო საქართველოსთან შედარებით სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ევროპაში მძღოლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ქართველი მძღოლიც მაღალი ანაზრაურებისათვის ესწრაფვის ევროპული სივრცისკენ.

„საქართველოსგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებში მძღოლის ფუნქციები კონტრაქტით მკაცრად რეგლამენტირებულია. მძღოლის მოვალეობაში გარდა სატრანსპორტო საშუალების გამართულად მოვლა – შენახვისა, ტვირთის დანიშნულების ადგილზე დროულად – შეთანხმებული გრაფიკით ტრანსპორტირება შედის.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში მძღოლების ფუნქცია – მოვალეობები თითქმის იდენტურია, სახელფასო განაკვეთები სხვადასხვაა.

დასავლეთ ევროპა – გერმანია, საფრანგეთი, ბელგია და ლუქსემბური. ამ ქვეყნებში მნიშვნელობას ანიჭებენ მძღოლების სოციალურ დაცულობას და პენსიით სათანადო უზრუნველყოფას, ამიტომ მაღალი პასუხისმგებლობის გამო, გაზრდილია დამსაქმებლის გადასახადები.

ყველაზე მაღალი გადასახადი – 50 % ბელგიაშია. პრაქტიკულად ბელგიელი დამსაქმებელი მძღოლს ხელფასის გარდა დახლოებით იმდენივეს, გადასახადის სახით უხდის სახელმწიფოს. საფრანგეთში და ლუქსემბურგში გადასახადის ზომა 45 % ია, გერმანიაში – 40 % ს აღწევს.

აღმოსავლეთ ევროპა – პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი და რუმინეთი. ამ ქვეყნის კომპანიები მძღოლებს იზიდავენ დაბალი გადასახადებით, შესაბამისად ხელფასებიც და მომუშავეთა სოციალური დაცვის დონე დაბალია. ამ ქვეყნებში გადასახადის ზომა – 20 – 25 % ის ფარგლებში მერყეობს.

ჩრდილოეთ ევროპა – შვედეთი და ჰოლანდია. დაცულია ბალანსი მაღალ ხელფასებსა და გადასახადებს შორის, რითაც მიღწეულია მძღოლების სტაბილური მაღალი ხელფასი.

სამხრეთ ევროპა – იტალია და ესპანეთი. შედარებით ზომიერი გადასახადებია 35 % მდე, ხელფასებიც შედარებით ნაკლებია ვიდრე დასავლეთ ევროპაში.

ევროპაში დამსაქმებლის ხარჯი მძღოლის ხელფასის გარდა მოიცავს – გადასახადებს, სოციალურ შენატანებს, მძღოლისთვის ამა თუ იმ ნებართის მისაღებად სწავლების ხარჯებს და სამედიცინო დაზღვევას.

საქართველოში, აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით დამსაქმებელი იხდის საშემოსავლო და საპენსიო იგივე სოციალურ გადასახადს. გამონაკლისის გარდა კომპანიათა უმრავლესობა მძღოლს არც სამედიციონო დაზღვევას და არც სწავლებას (იგულისხმება გადამზადება) არ უფინანსებს.

რაც შეეხება საქართველოში მძღოლის ხელფასს იგი დიფერენცირებულია და დამოკიდებულია კონკრეტულ მიმართულებებზე, რომელზეც დასაქმებული მძღოლი ახორციელებს გადაზიდვებს.

საავტომობილო გადაზიდვების ანალიზის საფუძველზე იკვეთება სამი ძირითადად მოთხოვნადი მიმართულება:

მიმართულება 1 – საქართველო – თურქეთი – საქართველო/სომხეთი;

მიმართულება 2 – საქართველო – რუსეთი/ბელორუსი – საქართველო/ სომხეთი;

მიმართულება 3 – საქართველო – ევროპის ცენტრალური ნაწილი – საქართველო/სომხეთი.

სამივე მიმართულებაზე, სატრანსპორტო საშუალება წრიული რეისის შესრულებას სხვადასხვა დროს ანდომებს, ამიტომ მძღოლის ხელფასი დამოკიდებულია გადაზიდვის ხანგრძლივობაზე.

საქართველოდან – თურქეთის წრეზე, მიმართულება 1 – მოძრავი სატრანსპორტო საშუალებით მძღოლის თვიური ხელფასი, საშუალოდ – 3400 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მიმართულებაზე მძღოლი თვეში 2.5 ბრუნს ასწრებს.

საქართველოდან – რუსეთის წრეზე, მიმართულება 2 – მოძრავი სატრანსპორტო საშუალების ხელფასი თვიურად – 4000 ლარია. აღნიშნულ მიმართულებაზე მძღოლი, კლიმატური პირობების გათვალისწინებით – თვეში 1.5 ბრუნს ასწრებს.

საქართველო – ევროპის ცენტრალურ ნაწილი – საქართველო – წრიულ რეისზე, მიმართულება 3, მძღოლის ხელფასი – 3800 ლარია. აღნიშნულ მიმართულებაზე სატრანსპორტო საშუალება თვეში ერთ ბრუნს ასწრებს.

სამივე მოთხოვნადი მიმართულების გასაშუალედებით, მძღოლის თვიური (ხელზე ასაღები) ხელფასი – 3700 ლარს შეადგენს, რაც – 1200 ევროს ტოლფასი, დღეში – 40 ევროა.

გარდა ყველაზე მოთხოვნადი სამი მიმართულებისა, ბოლო პერიოდში, ქართველი გადამზიდავი ინტენსიურად ებმევა, ახალი მიმართულების ათვისებაში, კერძოდ, საქართველო – თურქეთში დატვირთვა – საქართველოს გავლით – ცენტრალური აზია (სატრანსპორტო საშუალების დაცლა და ცარიელი ჩინეთში შესვლა) – ჩინეთში დატვირთვა – რუსეთი – საქართველო / სომხეთი – აღნიშნულ მიმართულებაზე გადაზიდვას ესაჭიროება 45 დღე, სადაც მძღოლის ხელფასი მნიშვნელოვნად მაღალია და წრეზე – 8000 ლარს აღწევს. თვიურ ჭრილში გადაანგარიშებით 5300 ლარია.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მიმართულებაზე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ, საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მნიშვნელოვანი გავლენა არ გააჩნია. დასკვნის სახით – დასავლეთ ევროპაში სატვირთო გადაზიდვებში ჩართული მძღოლის ხელფასი 2.5 ჯერ აღემატება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მძღოლის ხელფასს, 3 ჯერ აღემატება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ქართველი მძღოლის ხელფასს,“ - ნათქვამია ცენტრის პუბლიკაციაში.

თაია არდოტელი