მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1 044 ტონით გაზარდეს. მონაცემები აჩვენებს ოქროზე მზარდ მოთხოვნას - ზედიზედ მესამე წელია ცენტრალური ბანკები წლიურად რეზერვებს ჯამში 1 000 ტონაზე მეტით ზრდიან.
წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.
უფრო კონკრეტულად, წლის განმავლობაში პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა (NBP) ოქროს მარაგები 90 ტონით გაზარდა. ამჟამად ოქროს მარაგი 448 ტონას შეადგენს, რაც მთლიანი რეზერვების 17%. ცნობისთვის, წინა წლებში პოლონეთმა გააჟღერა მიზანი, რომ აპირებს ოქროს რეზერვების წილი მთლიან რეზერვებში 20%-მდე გაზარდოს.
მეორე უმსხვილესი შემსყიდველი კვლავაც თურქეთის ცენტრალური ბანკია (CBRT), რომელმაც ოქროს რეზერვები 75 ტონით გაზარდა. მას კი მოსდევდა ინდოეთის ცენტრალური ბანკი (RBI) 73 ტონით. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ბოლოსთვის RBI-ის ოქროს მარაგები 876 ტონას აღწევდა, რაც მთლიანი მარაგების 11%-ს შეადგენს.
უმსხვილესი შემსყიდველების ხუთეულში შედის აზერბაიჯანიც, რომლის ცენტრალურმა ბანკმაც გასულ წელს თითქმის 45 ტონა ოქრო იყიდა. მას კი მოსდევს ჩინეთი ოქროს რეზერვების 44 ტონით ზრდით. ამასთანავე, ჩინეთის სახალხო ბანკის რეზერვებმა ( PBoC) წლის ბოლოსთვის 2280 ტონა ოქრო შეადგენდა, რაც მთლიანი რეზერვების 5%-ია.
რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის საბჭომ 2024 წლის 1-ელ მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, სებ-მა 332.152 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქრო იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს ოქრო მიამატა. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, სარეზერვო ოქროს ღირებულება 639.6 მლნ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდისთვის ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.430 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთლიანი რეზერვების 14.4%-ს ოქრო შეადგენს.