ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდა და ამასთან, ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, თუ აქამდე იმპორტირებულ ფქვილზე, ტონაზე გადასახადი 250 ლარი იყო, 1-ლი მარტიდან 300 ლარამდე გაიზარდა, ქატოსა და ქერის შემთხვევაში კი 200 ლარამდე.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ძალაში 1 თვის განმავლობაში, 1-ელ აპრილამდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაგრძელების შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ თებერვალში განუცხადა. თუმცა, მისი ინფორმაციით, ბაჟის მოქმედების ვადა ივნისამდე უნდა ყოფილიყო.
ცნობისთვის, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოში ფქვილის იმპორტი 49%-ით შემცირდა.კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 70 866 ტონა (18.539 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, 2023 წელს - 137 695 ტონა (37.410 მლნ აშშ დოლარის). ამასთან, გასულ წელს იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი, 96% რუსეთიდან შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთიდან 68 301 ტონა (16.916 მლნ აშშ დოლარის) ფქვილის იმპორტი განხორციელდა, თუმცა ეს 2023 წელთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ბოლოს კი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, ამ დრომდე ტონაზე 250 ლარი იყო.