საქართველოში პური ძვირდება - რამდენით იმატებს ფასები და როდიდან

საქართველოში მასობრივი წარმოების ქარხნული პური ძვირდება.

მომხმარებლებს დახლებზე პურის კონკრეტულ სახეობებზე 10 თეთრით გაზრდილი ფასი დახვდება. საუბარია, თეთრი პურის სამ სახეობაზე: 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური. ფასის ცვლილებების შესახებ ქსელური სუპერმარკეტების ნაწილს ინფორმაცია უკვე ეცნობა.

რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასების ცვლილება კონკრეტული საწარმოების შემთხვევაში 11-16%-ის ფარგლებშია. თეთრ ბატონებზე გაზრდილი ფასები მომხმარებლებს დახლებზე 5 მარტიდან დახვდებათ.

ამასთანავე, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა, ფასის ცვლილების მიზეზი შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირება და შესაფუთ მასალებზე ფასის ცვლილება, რის გამოც კონკრეტულმა პურის მწარმოებლებმა ფასები დააკორექტირეს.

„5-10 თეთრის ფარგლებში ყოველთვის ხდება ხოლმე ფასის ცვლილება, ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს შესაფუთი მასალით, ან შესაძლოა, კონკრეტულმა წარმოებამ ფასის ფორმირება განახორციელა. მე ამას არ ვთვლი ფასის მატებად, ნამდვილად არ ხდება მატება და იმიტომ.

ხორბალი რომელიც ღირდა მსოფლიო ბაზრებზე ტონა 700 ლარი, ახლა ათას ლარს ასცდა და ფასების რეგულირება ხდება ამ შემთხვევაში. ეს მინდა იცოდეთ, ხორბლის ფასები ძალიან გაიზარდა, არ ვიცი ეს ზამთრის გამოა, რესურსების გამო თუ სხვა მიზეზიდან გამომდინარე.

სამუშაო მომენტია, როდესაც რეგულირება ხდება. კორონავირუსის დროს შესაფუთი მასალა შემოიღეს და ეს შესაფუთი მასალა ხარჯიანია“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი წარმოების პურის გაძვირებას წინ ახლა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გრძელდება, ტარიფი კი იზრდება. აქამდე იმპორტირებულ ფქვილზე ტონაზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული, გადაწყვეტილება ძალაში 1 თვის განმავლობაში, 1-ელ აპრილამდე იქნება.

მერი ტაბატაძე