პური გაძვირდა - მომხმარებლებს დახლებზე ფასები 11-16%-ით გაზრდილი დახვდათ

პური გაძვირდა. მომხმარებლებს ქსელური და საცალო სუპერმარკეტების ნაწილში პური დღეიდან 10 თეთრით გაძვირებული დახვდა, ნაწილის შემთხვევაში კი ფასების ცვლილება ხვალიდან აისახება.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ე.წ მასობრივი წარმოების თეთრ პურზე. უფრო კონკრეტულად, გაძვირდა 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური.

რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ფასების ცვლილება კონკრეტული საწარმოების შემთხვევაში 11-16%-ის ფარგლებშია. ამავე დროს, ჩვენთან საუბარში „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ამბობს, რომ ფასის ცვლილების მიზეზი შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირება და შესაფუთ მასალებზე ფასის ცვლილება, რის გამოც კონკრეტულმა პურის მწარმოებლებმა ფასები დააკორექტირეს.

„5-10 თეთრის ფარგლებში ყოველთვის ხდება ხოლმე ფასის ცვლილება, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს შესაფუთი მასალის გაძვირებით, ან კონკრეტულმა წარმოებამ შესაძლოა, ფასის ფორმირება განახორციელა. მე ამას არ ვთვლი ფასის მატებად.

ხორბალი აქამდე მსოფლიო ბაზრებზე ტონა 700 ლარი ღირდა, ახლა ათას ლარს ასცდა და ფასების რეგულირება ხდება ამ შემთხვევაში. ეს მინდა იცოდეთ, ხორბლის ფასები ძალიან გაიზარდა“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, მასობრივი წარმოების პურის გაძვირებას წინ ახლა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გრძელდება, ტარიფი კი იზრდება. აქამდე იმპორტირებულ ფქვილზე ტონაზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული, გადაწყვეტილება ძალაში 1 თვის განმავლობაში, 1-ელ აპრილამდე იქნება.

მერი ტაბატაძე