ჩინეთი რუსეთის გვერდის ავლით ახალ სარკინიგზო დერეფანს ავითარებს - რა გავლენა ექნება ახალ სარკინიგზო მაგისტრალს

„ჩინეთი რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სარკინიგზო დერეფანს ავითარებს,“ - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

კერძოდ, მათი ცნობით, საუბარია, ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სარკინიგზო დერეფნის მშენებლობის პროექტზე, რომელსაც საფუძველი 2024 წლის ბოლოს ჩაეყარა.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაში საუბარია იმაზე თუ რა გავლენა ექნება სამი ქვეყნის დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალს, შუა დერეფნით ტვირთნაკადების გადმორთვაზე, ასევე იმაზე გაუჩნდება თუ არა ამ პროექტით ჩინეთს რუსეთის გვერდის ავლით ალტერნატიული სარკინიგზო დერეფანი.

„ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სამი სახელმწიფოს დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 486 კმ ს შეადგენს. ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე, ტრასა დაიწყება ჩინეთის ქალაქ კაშგარიდან, გაივლის ჩინეთის ტერიტორიაზე 164 კმ ს, შემდეგ გაგრძელდება ყირგიზეთის ტერიტორიაზე, სადაც ტრასის ძირითადი ნაწილი 312 კმ-ია განთავსებული, შემდგომ 10 კმ ახალი რკინიგზა აშენდება უზბეკეთის ტერიტორიაზე და მიუერთდება უზბეკეთის არსებულ სარკინიგზო ქსელს.

chineti1-1741073468.png

საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის საერთო ღირებულება 4.7 მილიარდი დოლარია, სხვადასხვა შეფასებით პროექტის ღირებულება სავარაუდოდ 8 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. პროექტის რეალიზებისათვის შექმნილია ერთობლივი „ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის“ საწარმო, რომელშიც ჩინეთის წილობრივი მონაწილეობა 51%-ია, დანარჩენი ორი მონაწილის სათითაოდ 24.5%-ი.

რაც შეეხება მხარეთა ფინანსურ კონტრიბუციას, პროექტის ღირებულების ნახევარი – 2.35 მილიარდი დოლარი ჩინეთის კრედიტი იქნება, რომელსაც ჩინეთის ნაციონალური ბანკი და „ინექსიმ ბანკი“ გასცემს. მეორე ნახევარს 2.35 მილიარდ დოლარს კი სამივე ქვეყანა გაინაწილებს – ჩინეთი 1.18 მილიარდ დოლარს, უზბეკეთი და ყირგიზეთი თითოეული - 573 მილიონ დოლარს. წინასაწარი გათვლებით ნავარაუდებია, რომ მშენებლობა 2032 წელს დასრულდება, ამ პერიოდისთვის გადაზიდვების წლიური მოცულობა 5 მლნ ტონას მიაღწევს.

როგორც ცნობილია, რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სანქიების გამკაცრებამ, რიგი საერთაშორისო კომპანიები აიძულა აღარ გამოეყენებინათ რუსეთი სატრანზიტო ტერიტორიად. ამ თვალსაზრისით, ჩინეთს მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია, რითაც შეამცირებს რუსეთის დერეფნებზე დამოკიდებულებას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ახალი სარკინიგზო პროექტის საშუალებით ჩინეთი რუსეთის გვერდის ავლით და შუა დერეფნის ინტენსიური გამოყენებით გაამყარებს საიმედო კავშირს ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს ჩინეთის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რაც ასევე თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების მისწრაფებასთან.

სამი ქვეყნის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო დერეფნით, ჩინეთს საშუალება მიეცემა შეამციროს არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ყაზახეთზე დამოკიდებულებაც. ჩინეთს მიეცემა შესაძლებლობა, ჩინეთ–ყაზახეთის ყველაზე გადატვირთული საზღვრიდან ტვირთნაკადის 10–15% გადმორთოს ახალ სარკინიგზო მარშრუტზე. რითაც, პირველ რიგში ჩინეთი–ევროკავშირის გადაზიდვებში შემცირდება რუსეთის როგორც სატრანზიტო ქვეყნის ზეგავლენა.

chineti2-1741073517.png

ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს გააჩნია დამატებითი ეკონომიკური მიმზიდველობა, კერძოდ ჩინეთის პროდუქციას 900 კმ-ით შემოკლებული მარშრუტით მიეცემა შესაძლებლობა მოხვდეს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპულ ბაზრებზე. გარდა ამისა, 8–9 დღით შემცირდება ამ ბაზრებზე ტვირთების ტრანსპორტირების ხანგრძლივობა. აღსანიშნავია, ისიც, რომ როდესაც საუბარია, ევროპულ ბაზრებზე, ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად განიხილება შუა დერეფანი.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ოფიციალურად მიეცა სტარტი, ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური, ფინასური და ტექნიკური სიძნელეები რომლებმაც შესაძლოა დააბრკოლონ პროექტის განხორციელება. ყირგიზეთში არსებულმა ანტიჩინურმა განწყობამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს პროექტის მიმდინარეობაზე. ყირგიზეთის მოსახლეობის მხოლოდ 19% მხარს უჭერს ენერგეტიკაში და ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტიციას, 31% ეწინააღმდეგება. მოსახლეობის 66% ის მოსაზრებით, ჩინეთის ფინანსური ზეგავლენა დამატებით გაზრდის ყირგიზეთის დამოკიდებულებას ჩინეთის წინაშე, ვალის გადაუხდელობის პირობებში კი შესაძლოა ყირგიზეთმა დააკარგოს ამ ობიექტზე ზეგავლენა. გარდა პოლიტიკური დაბრკოლებისა, პროექტის განხორციელებისას არსებობს ფინანსური და ტექნიკური სიძნელეები. საფინანსო რესურსის 4.7 მილიარდი დოლარის ჩადების პირობებში, სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების ანალოგიურად, ჩინეთი გამოიყენებს ფინანსური რისკების პროექტში მონაწილე ქვეყნებზე გადანაწილების აპრობირებულ სტრატეგიას. რადგანაც სარკინიგზო მონაკვეთი გადის სამ სახელმწიფოზე, დაფინანსებაც გადანაწილებულია სამივე ქვეყანაზე. არსებობს მოსაზრება რომ, ყირგიზეთი ვერ მიიღებს ტვირთების ტრანზიტისგან იმდენ შემოსავალს რომ დაფაროს პროექტის დანახარჯები,“ - აღნიშნულია პუბლიკაციაში.