„თურნავა თუ დასანქცირდა, ეს გავლენას მოახდენს საფინანსო სექტორზე,“ - როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, საქართველო ფინანსური ორგანიზაციებისთვის „სარისკო ქვეყანა“ გახდება.
ამასთან, როგორც კეპულაძე აცხადებს, თუ აქამდე საქართველო პარტნიორებისგან სესხებს საშეღავათო პირობებით იღებდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასანქცირების შემთხვევაში, შესაძლოა, რეპუტაციული ზიანი გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებში გადაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს მიზნობრივი სანქციები დაუწესონ. გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია პერსონალურ სანქციებზეც, რომლის სიაშიც ვხვდებით სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას სახელსაც.
„ბოლო წლებია ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ კითხვები გაჩნდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. თურნავა იყო სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაემსახურებინა ერთი კაცის ნდობა და გამხდარიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ის რომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაძლოა, იყოს პოტენციურად დასანქცირებული ევროკავშირის მიერ, არის ცუდი, რადგან იკლებს ნდობა ქვეყნის მიმართ, უარესდება საინვესტიციო გარემო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლობა ასეთ ქვეყნებთან. სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლოა, წინ გვქონდეს ის რთული დღეები, როდესაც ამ პოტენციური სანქციების ეფექტს კიდევ უფრო ვიგრძნობთ. რა თქმა უნდა, თურნავა თუ დასანქცირდა, ეს გავლენას მოახდენს საფინანსო სექტორზე, შესაძლოა ამას მოჰყვეს ის, რომ საქართველო უფრო სარისკო ქვეყნად ჩაითვალოს“, - ამბობს კეპულაძე.
კეპულაძე საუბრობს კრიზისა და გამოსავლის გზებზეც და აღნიშნავს, რომ სრული პასუხისმგებლობა ამ კუთხით ეკისრება „ქართულ ოცნებას“.
„როდესაც იზრდება რისკი, იზრდება სესხის საპროცენტო განაკვეთები, საქართველო დღეს თუ სესხულობს X განაკვეთად ფულს უცხოეთიდან, ეს გაიზრდება და გახდება უფრო მეტი, რაც საბოლოო ჯამში იქნება ჩვენი, მომხმარებლების გადასახდელი. ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, თუმცა, ვხედავთ რომ არაფერს აღარ ითვალისწინებს რეჟიმი.
გარკვეულ ბიზნეს სექტორებში გაჩნდა პრობლემები, უკვე კვლევებშიც ამოდის ეს შედეგები, მაგალითად, ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, ე.ი, „ქართული ოცნების“ მომხრეებიც ფიქრობენ, რომ კრიზისია და როდესაც კრიზისზე საუბრობს მოსახლეობა და ამის გამომწვევ ძალად ფიქსირდება ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, კრიზისის განმუხტვის პასუხისმგებლობა მათზეა, რათა უფრო მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არ გადაიზარდოს პროცესები“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.