რა ბიზნესებს ფლობს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში

სასამართლოში მიმდინარე ორი საქმის პარალელურად, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

როგორც თავად ბაჩიაშვილი აღნიშნავს, „მიიღო სანდო ინფორმაცია საკუთარ უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ“. მისივე ცნობით, „ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დარჩებოდა ივანიშვილის ჯალათების პირისპირ“.

რაც შეეხება სასამართლოში მიმდინარე საქმეებს, შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ედავება, რომ ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი (რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში დაახლოებით 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა) მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკვე 2025 წლის 25 თებერვალს ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. საუბარია, „მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მშენებლობისას მან არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა. ამ საქმეზე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბაჩიაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ არ იცის რომელ ქვეყანაშია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი, თუმცა ის მზად არის სასამართლოს ჩვენება დისტანციურად მისცეს. საგამოძიებო უწყებებში კი არ დრომდე არ საუბრობენ, თუ როგორ მოახერხა ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვება, როცა პასპორტიც ჩამორთმეული ჰქონდა და საზღვრის კვეთაც აკრძალული ჰქონდა. ამ ღონისძიებების გამოყენების საჭიროებას ბრალდების მხარე იმით ხსნიდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა კავშირები საზღვარგარეთ და არსებობდა ბაჩიაშვილის მიმალვის საფრთხე. როგორც ბაჩიაშვილის ერთ-ერთი საქმის პროკურორმა განაცხადა, „ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, სადაც ბაჩიაშვილი წილს ფლობს ან დირექტორის პოზიციას იკავებს.

მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, გიორგი ბაჩიაშვილი ფლობს შპს „კეპლერ ინვესტმენტს“, რომელიც თავის მხრივ არის გარკვეული წილების მფლობელი სხვა 9 კომპანიაში.

გარდა ამისა, ბაჩიაშვილი არის რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორი; კერძოდ, ის ფლობს შპს „რეზინას“ 50%-იან წილს; შპს „აი ქიუ სოფტის” 45.5%-ს; შპს „საქართველოს უძრავი ქონების მართვის კომპანიის“ 40%-იან წილს, ასევე ფიქსირდება შპს „ოტო-მოტოს“ მეწილედ; მასვე უკავია დირექტორის პოზიცია კომპანიაში „მეგა თრენდს“.

გარდა ამისა, რეესტრის მონაცემებით ბაჩიაშვილი არის შპს „მალონე ფაინენს ჯორჯიას“ დირექტორი, რომლის მფლობელიც ოფშორში რეგისტრირებულია კომპანიაა, ამიტომ საბოლოო ბენეფიციარის მიკვლევა რთულია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2013 წელს გა­იც­ნო, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად მო­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბა­ჩი­აშ­ვილს მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რო­ბა ანდო. 2019 წელს, როცა მან ეს პოსტი დატოვა, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ეკონომიკის მინისტრის პოსტზეც კი განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და ბაჩიაშვილი თანაინვესტრების ფონდის მრჩეველთა საბჭოში დარჩა. თა­ვი­დან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ 28 წლის ახალ­გაზ­რდა ექ­სპრე­მი­ე­რის ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამ­დე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. კერ­ძოდ, ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 30 under 30-ში ბა­ჩი­აშ­ვი­ლი 28 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა. მა­შინ გა­მო­ცე­მა წერ­და, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი 6 მი­ლი­არ­დ დოლარიან კერ­ძო ფონდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც იმ დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ს 40%-ს უდ­რი­და.

თაია არდოტელი