„პურის ფასი საქართველოში საკმაოდ დაბალია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
„ზოგადად, მიმაჩნია, რომ პურზე ფასების ცვალებადობა არ არის მიზანშეწონილი, პური უფრო სტაბილური პროდუქტია. საქართველოს თუ მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, მაგალითად აზერბაიჯანს, სომხეთს ან რუსეთს, ვნახავთ, რომ ჩვენთან პურის ფასი შედარებით დაბალია.
რაც შეეხება ახლანდელ ფასის ცვლილებას, შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილში, ხელისუფლების მოწოდებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გამო პურის ფასი 10 თეთრით შევამცირეთ. შესაბამისად, დღეს პური კი არ გაძვირდა, არამედ ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ 2023 წლის ფასს, ლაპარაკია 10 თეთრამდე სხვაობაზე.
დღევანდელი პურის ფასი არ იკბინება იმ ფონზე, რომ ზოგიერთს ხელფასი 98 ათასი ლარი აქვს. ერთი ბოთლი წყლის ფასი პურზე მეტი არ უნდა იყოს. პურის გაძვირება მტკივნეული არ ყოფილა, ამას საღი აზრით უნდა შევხედოთ“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მასობრივი წარმოების ქარხნული პური გაძვირდა. მომხმარებლებს 4 მარტიდან ქსელური და საცალო სუპერმარკეტების ნაწილში პური 10 თეთრით გაძვირებული დახვდათ, ნაწილის შემთხვევაში კი ფასის ცვლილება დღეიდან აისახება, საუბარია ე.წ მასობრივი წარმოების თეთრ პურზე. უფრო კონკრეტულად, გაძვირდა 410-გრამიანი ბატონი, 530-გრამიანი ბატონი და ამავე გრამაჟობის დაჭრილი პური.