პანამის არხთან მდებარე ორი მსხვილი პორტი, რომელიც ჰონგ-კონგის უმდიდრეს ადამიანს, ლი კა-შინგს ეკუთვნის, ამერიკულ კონსორციუმზე გაიყიდება. ეს აშშ-ის საკუთრებაში არხის დაბრუნების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების ფონზე ხდება.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გარიგების თანხა 22.8 მლრდ დოლარს შეადგენს.
ამერიკული კონსორციუმი, რომელიც პანამის პორტებს დაეუფლება, კომპანიებს, BlackRock-ს, Global Infrastructure Partners-სა და Terminal Investment-ს მოიცავს. ჯგუფი ჰონგ-კონგში დაფუძნებული CK Hutchison-ის შვილობილი კომპანიის, Panama Ports Company-ის აქციების 90%-ს შეიძენს.
გარიგება, ასევე, მოიცავს CK Hutchison-ის სხვა შვილობილი საპორტო კომპანიების აქციების 80%-ის შეძენას, რომლებიც 23 ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ახლო აღმოსავლეთში, მექსიკაში, ავსტრალიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 43 პორტს ფლობენ.
CK Hutchison-ის თანამმართველი დირექტორი, ფრენკ სიქსტი აცხადებს, რომ გარიგება “სუფთა კომერციული ხასიათისაა და პანამის პორტებთან დაკავშირებით ბოლო პოლიტიკურ სიახლეებს არ უკავშირდება.”
2023 წელს CK Hutchison-ის საპორტო ოპერაციებმა კომპანიის მთლიანი შემოსავლის, დაახლოებით, 9%, ანუ 461.6 მლრდ ჰონგკონგური დოლარი (59.4 მლრდ დოლარი) შეადგინა.
ცნობისთვის: 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა სტრატეგიულ პანამის არხზე ჩინეთის მნიშვნელოვან გავლენაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არხზე კონტროლს აღადგენდა. მისი თქმით, ამერიკული გემები და სამხედრო ხომალდები არხზე გასავლელად მნიშვნელოვნად მეტს იხდიან. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ პანამას მოსთხოვა, ჩინეთის გავლენა შეემცირებინა, რადგან პორტებში პეკინის მონაწილეობა არხის ნეიტრალიტეტის ხელშეკრულებას არღვევს.
სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პირველი უცხოური ვიზიტისთვის პანამა აირჩია. რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, რაულ მულინომ განაცხადა, რომ პანამა გამოდის ჩინეთის გლობალური პროექტიდან, სახელწოდებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა,“ რომელიც ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის განვითარებისთვის პეკინის გლობალური სტრატეგიას წარმოადგენს. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თებერვლის დასაწყისში პანამის ხელისუფლებამ ამერიკული გემები არხის გადასახადისგან გაათავისუფლა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ