როგორია ქართული თხილის საექსპორტო ფასი - ბოლო 7 თვეში 84.4 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა

ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან 84.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა,” – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 13.7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 84.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს მონაცემებითვე, თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და კილოგრამზე 6.14 დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა.

გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.1 ათასი ტონით (18%-ით), ხოლო ღირებულება - 22.4 მლნ აშშ დოლარით (36%-ით) გაიზარდა.

მოამზადა ელენე ზაქარიაძემ