ქართული ვაშლის 99%-ზე მეტი რუსეთში გავიდა

ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან რუსეთში 12 848 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ქართული ვაშლი რუსეთის გარდა ყაზახეთში, თურქეთსა და სომხეთში გავიდა. საერთო ღირებულებამ კი, 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარდა ამისა, უწყების ცნობით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 6.3-ჯერ, ხოლო ღირებულება 6.1-ჯერ გაიზარდა

"2024 წლის 1-ლი აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 12.9 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 10.9 ათასი ტონით (6.3-ჯერ), ხოლო ღირებულება - 6.8 მლნ აშშ დოლარით (6.1-ჯერ) გაიზარდა. ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (12 848 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 2 ტონა - სომხეთში", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოამზადა ელენე ზაქარიაძემ