ყველა ლოგიკური პარამეტრით, უძრავი ქონების ფასი გაიზრდება - ლევან ფხაკაძე

„ყველა ლოგიკური პარამეტრით უნდა ვთქვათ, რომ ბაზარზე უძრავი ქონების ფასის ზრდა იქნება,“ - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ დამფუძნებელმა ლევან ფხაკაძემ განაცხადა.

ბიზნესმენმა უძრავი ქონების ფასის მატების წინაპირობად დაასახელა მიწებისა და სამშენებლო მასალების გაძვირება, ამასთან, სექტორში არსებული რეგულაციები, რომლითაც უძრავი ქონების სფერო ევროკავშირის სტანდარტებს უახლოვდება.

„ბაზარზე საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. პირველი ეს არის მიწის ფასი, რომელიც ვიცით რომ იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ მიწა ხდება დეფიციტური და თბილისის ცენტრალურ უბნებში პრაქტიკულად აღარ არსებობს.

მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი ეს არის რეგულაციები, ბუნებრივია, უფრო და უფრო მომთხოვნი გახდება და მივდივართ იქითკენ, რომ ვიმუშავებთ იმ რეგულაციებით, რომელიც აქვს ევროკავშირს, ბუნებრივია, ეს გააძვირებს პროდუქტს, მაგრამ ამავდროულად იქნება გაცილებით ხარისხიანი და უსაფრთხო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გაძვირება არის სასიკეთო, რადგან გაცილებით უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში ვიცხოვრებთ.

კიდევ ერთი ფაქტორია სამშენებლო მასალები. იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინფლაციის ფონზე მოიმატა სამშენებლო მასალების ღირებულებამ. ყველა ლოგიკური პარამეტრით უნდა ვთქვათ, რომ ბაზარზე უძრავი ქონების ფასის ზრდა იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ იყოს ისეთი ნახტომი, როგორიც 2022-2023 წლებში გვქონდა“, - ამბობს ფხაკაძე.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მისი კომპანიისთვის უძრავი ქონების გაყიდვის კუთხით იანვარი და თებერვალი რეკორდული იყო.

„მე შემიძლია გესაუბროთ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი კომპანიის შესახებ, თუმცა გამოქვეყნდა „გალთ ენდ თაგარტის“ 2024 წლის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ მოთხოვნა წლიურად არის გაზრდილი, მაგრამ უმნიშვნელოდ. ჩვენთან არის მკაფიო მატება, ასე იყო ჩვენი კომპანიის საქმიანობის დაწყების დღიდან, იანვარიც რეკორდული თვე იყო და თებერვალიც“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი კომპანიის შემთხვევაში გაყიდვების მატება, ფხაკაძე პასუხობს, რომ კომპანიის მიმართ ნდობამ.

„ეს დამოკიდებულია მომხმარებლის არჩევანზე... განსაკუთრებით მაშინ როცა ტურბულენციაა ბაზარზე და შესაძლოა, შეინიშნებოდეს გარკვეული კრიზისის ნიშნები, მომხმარებელი უფრო დინჯია გადაწყვეტილების მიღების ნაწილში. მსგავს სიტუაციებში მნიშვნელოვანია კომპანიის მიმართ ნდობა, რამდენად ხარ დაკავშირებული ბანკთან, გაქვს თუ არა შეკრული პროექტი და რამდენად კარგ პროექტს აკეთებ,“ - განაცხადა ლევან ფხაკაძემ.

მერი ტაბატაძე