„სტატისტიკის კუთხით ყოჩაღები ვერ ვართ“ – „შავი წერტილები“ თბილისში, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება

2024 წელს ქვეყნის მასშტაბით 60 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ეს კი მაშინ, როცა 2023 წელს 55 ათასს აჭარბებდა. წლის ჭრილში ავარიების რაოდენობა დაახლოებით 9%-ით არის გაზრდილი.

2024 წელს მომხდარი ავარიების უდიდესი ნაწილი, 54 984 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მიეკუთვნებოდა, 5 866 კი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული იყო.

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა თბილისში მომხდარი ავარიების რაოდენობაც. კერძოდ, 2024 წელს 10%-ით გაიზარდა ადმინისტრაციული წესით ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და 32 957 შეადგინა (2023 წელს - 30 344), სისხლის სამართლის შემთხვევების რაოდენობა კი ამ პერიოდში 2 775 იყო (2023 წელს - 2655).

მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების უდიდესი ნაწილი დედაქალაქში ფიქსირდება. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად არის ქალაქში ე.წ შავი წერტილები, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება.

„სტატისტიკის კუთხით ყოჩაღები ვერ ვართ, ჩაშლილად არ გვაქვს მონაცემები, სად არის ქალაქში „შავი წერტილები“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ აღნიშნა და დაასახელა რამდენიმე ყველაზე პრობლემური წერტილი თბილისში.

ასე მაგალითად, „შავი წერტილების“ კუთხით პრობლემურია სანაპირო გზები, სადაც მოძრაობის სიჩქარე და საპირისპირო მიმართულებიდან მომავალ ავტომობილთან შეჯახების რისკი შედარებით მაღალი.

„ადგილი, სადაც მეტი ავარია ხდება, არის სანაპირო, რადგან აქ შედარებით მაღალი სიჩქარეა და შეჯახების ალბათობა შემხვედრ ავტომობილთან არის დიდი. არის ადგილები, სადაც მეტად ხდება სიჩქარის გადაჭარბება, ასეთია მაგალითად, აეროპორტის გზა და რიგი გზაჯვარედინები, თუმცა კონკრეტული შავი წერტილების ჩამონათვალი არ გვაქვს.

აეროპორტის გზაზე გვაქვს სხვა პრობლემას, იქ არის გზის გამყოფი, მაგრამ ხშირად ხდება ავარიები შედარებით მაღალი დასაშვები სიჩქარის გამო და ამასთანავე, არის ერთი წერტილი „თეგეტას“ ოფისის მიმდებარედ, სადაც გზაზე არის წყალი, ამის გამო, საავარიო სიტუაციები იქმნება მაღალი სიჩქარით მომავალი მძღოლებისთვის და ტრავმის მიღების ალბათობაც დიდია. ადგილზე სანიაღვრე უნდა მოეწყოს ისე, რომ იქ არ დგებოდეს წყალი და საგზაო შემთხვევა არ ხდებოდეს“, - აღნიშნავს მელაძე.

მისი თქმით, პრობლემის პრევენციისთვის სანაპირო გზებზე გამომსვლელი ავტომობილებისთვის გზის შრის აწევა და შემაფერხებლების მოწყობა, რაც მძღოლებს მაღალი სიჩქარის განვითარებას ხელს შეუშლის. ამის პარალელურად, ადგილზე უნდა მოეწყოს გზის გამყოფი, რაც ორმხრივი მოძრაობის დროს საპირისპირო მიმართულებით მომავალ ავტომობილზე შეჯახების რისკებს შეამცირებს.

„ძალიან პრიმიტიული მაგალითი შემიძლია მოვიყვანო - იგივე სანაპიროზე გამომსვლელებისთვის შეიძლება გზის შრე აიწიოს, რაც მძღოლებს მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას არ მისცემს. მეორე, თუ მაინც და მაინც დიდი არაფერი გვინდა რომ გავაკეთოთ, გზებს შორის გამყოფი უნდა იყოს, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შემხვედრ ავტომობილთან შეჯახების ალბათობა დაიკლებს და ფატალობა არ გვექნება მაღალი. ძალიან მარტივი ჩარევებითაც შეიძლება ხოლმე რიგ შემთხვევაში, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს“, - აღნიშნავს მელაძე.

მისივე განმარტებით, პრობლემის პრევენციისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა დამუშავდეს სტატისტიკა, რომელიც დეტალურად აჩვენებს, ქალაქის რომელ ნაწილში ხდება მეტი სიხშირით ავარიები და რა მიზეზით.

მერი ტაბატაძე