რა ქონებას ფლობს ელისო ბოლქვაძე, რომელიც აჭარის კულტურის მინისტრად დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად გუშინ ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის ახალი მინისტრი.

ბოლქვაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის აპრილში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის ყოფილი წევრი თბილისში ფლობს 80 კვ.მ. ბინას, რომელიც 2019 წელს მემკვიდრეობით მიიღო.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ბოლქვაძეს ბოლო მონაცემებით სახელფასო ანგარიში უფიქსირდება „ლიბერთი ბანკში“, სადაც ნაშთის სახით 304 ლარი აქვს მითითებული.

ამასთან, შემოქმედებითი საქმიანობიდან პიანისტმა 2023 წელს შემოსავლის სახით 17 777 ევრო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები, რომელიც საჯარო იყო და ვებ-გვერდზე 48 საათის განმავლობაში ქვეყნდებოდა, მომენტალურად აღარ გასაჯაროვდება. დეკლარაციების ნახვა დაინტერესებულ პირებს ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეა, ვებ-გვერდზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ვერცერთი დეკლარაციის ნახვა ვერ ხერხდება. შესაბამისად, დეკლარაციის მონაცემები ეფუძნება IDFI-ს მიერ შექმნილ ბაზას თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ კანონში ცვლილებების შემდეგ მოამზადა, რათა დაინტერესების შემთხვევაში ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო.

მერი ტაბატაძე