მოსკოვი ცხინვალის რეჟიმისგან მითვისებული მილიონების დაბრუნებას ითხოვს. თაღლითობა რამდენიმე სფეროს შეეხება, ყველაზე დიდი პრობლემა კი რუსული ტრანშებიდან მილიონების გაფლანგვა და მითვისებული პენსიებია. პენსიების თაობაზე თებერვლის ბოლოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას გაუგზავნა მოთხოვნა, დააბრუნოს თითქმის 38 მილიონი რუბლი (დაახლოებით 400.000 დოლარი), რომელიც 2014-2016 წლებში უკანონოდ გადაირიცხა გარდაცვლილი პენსიონერების ანგარიშებზე.
ცნობისთვის: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ და რუსულ პენსიასაც იღებენ, რუსეთიდან დანამატებსა და შემწეობებს იღებენ შშმ პირებიც. 2024 წლის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქის საშუალო პენსია 23.405 რუბლი იყო.
მოსკოვში მოპარული პენსიები დაითვალეს, ხოლო ტრანშებიდან გაფლანგული ფული ჯერ არ დაუთვლიათ. სხვადასხვა კორუფციული სქემის შესასწავლად ცხინვალში რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია თებერვლის დასაწყისში მოულოდნელად ჩავიდა და ამ ამბავს ოსებში დიდი შფოთვაც მოჰყვა. დაიწერა, რომ მათ მოსკოვიდან რევიზორი ეწვიათ...
ადგილობრივი წყაროების ცნობით, რევიზორებად მონათლული ჯგუფის სამიზნე დე ფაქტო ჯანდაცვისა და დე ფაქტო განათლების სამინისტროები იყო. როგორც დაიწერა, ამ უწყებებში თაღლითობების იმხელა მასშტაბია, რომ მოსკოვი თვალს ვერ დახუჭავდა. მაგალითად, ე.წ. ჯანდაცვის სფეროში გაფორმებულია 400-ზე მეტი ექიმი და 800-ზე მეტი მედპერსონალი, ბევრია ფიქციური პაციენტიც. ასეთივე სქემა მუშაობს სკოლებშიც - სოფლის სკოლებში მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ პედაგოგებიც და მოსწავლეებიც და არარსებული პერსონალის ხელფასების გარდა, ამ ვირტუალური სკოლების მოვლა-პატრონობისთვისაც გამოიყოფა ცალკე თანხები, რომელთაც თანამდებობის პირები ინაწილებენ. ცხინვალში ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის პრობლემა კიდევ ბევრია, მათ შორის ერთ-ერთია საჯარო სექტორში დასაქმებულთა საკითხიც. წელს იანვარში მათ ხელფასები ვერ დაურიგდა, ამის მიზეზი გაბერილი შტატებია. "რუსული ტრანშები, რომლებიც "რესპუბლიკაში" იანვრის პირველ ნახევარში ირიცხებოდა, ამჯერად თებერვალ-მარტამდე გადაიდო და მოსკოვიდან შეფერხება ცხინვალის შეუსრულებელი ვალდებულების ბრალია.
საქმე ის არის, რუსეთი ცხინვალის რეჟიმისგან წლებია მოითხოვს საბიუჯეტო დაფინანსების უწყებებში კადრების მაქსიმალურად შემცირებას. მოსკოვმა ჯერ კიდევ 2021 წელს ჩაატარა აუდიტი და გამოავლინა, რომ 200-ზე მეტი თანამშრომელი 2-დან 7 საბიუჯეტო თანამდებობაზე იყო. ამის შემდეგ 2022 წელს რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, "2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ" და სეპარატისტულმა ცხინვალმა 2025 წლამდე კადრების ოპტიმიზაციის ვალდებულება აიღო, რის შემდეგაც საბიუჯეტო დაწესებულებებში ხელფასები გაიზრდებოდა. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსკოვი იტოვებდა უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად შეეჩერებინა დახმარება გარკვეული სფეროებისთვის. წლები გავიდა და ალან გაგლოევის რეჟიმმა ეს ვალდებულება არ შეასრულა. როგორც ოპოზიციური ტელეგრამარხები წერენ, გაგლოევმა საახლობლო წრე მთლიანად საბიუჯეტო სექტორში დაასაქმა და მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კრემლი კი ამაზე პასუხს ითხოვს.
ცხინვალში შიშობენ, რომ დიდჩინოსანთა თაღლითობის გამო მოსკოვი მათ ფულს აღარ გამოუგზავნის...
რუსეთიდან დაფინანსების შეჩერების შიშის გარდა ცხინვალში გაძვირებულ ცხოვრებაზეც დიდი უკმაყოფილებაა.იანვრიდან გაიზარდა ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები, გაიზარდა გადასახადები და საბაჟო მოსაკრებელი. 2020 წელს ცხინვალის რეჟიმსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებით ე.წ. სამხრეთი ოსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ოსური საბაჟო რუსულთან ჰარმონიზაციაში მოვიდოდა, რაც გადასახადებისა და მოსაკრებლის გაზრდას ნიშნავდა. ოსურ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ როდესაც ალან გაგლოევი "პრეზიდენტად" აირჩიეს, ის პუტინს შეხვდა და ყველა ელოდა, რომ კრემლის ბატონთან შეხვედრისას გაგლოევი სწორედ გადასახადების გაზრდაზე ვალდებულების დროებით გადავადებას მაინც მოითხოვდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
ზურაბ ბენდიანიშვილი, "კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - რუსეთის უპირველესი მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც რუსული ბაზების განლაგება იყო და მან ამ მიზანს მიაღწია. სამხედრო ბაზები ლამის საქართველოს შუაგულშია და ამით რუსეთს ტერიტორიებზე თავისი პრეტენზიების გაცხადების საშუალება აქვს. 2008 წლის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ყველა შტოს მოსკოვი აკონტროლებს, ყველა ჩინოვნიკი რუსეთიდან ინიშნება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი თუ ნებისმიერი ძალოვანი მაღალჩინოსანი. დღეს ცხინვალში უშიშროების ორი განყოფილება მუშაობს, ერთი ადგილობრივი, ოსური კა-გე-ბე, და მეორე - რუსული, უფრო გავლენიანი. გარდა ამისა, რუსეთის მოთხოვნით გაუქმდა ოსური ჯარი. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო არსებობს, თუმცა ჯარი არ ჰყავს და მთლიანად რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში გადავიდა. უამრავი ადგილობრივი ახალგაზრდა რუსულ ჯარში ხელფასის გამო მუშაობს და როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, ყველა გაიწვიეს, როგორც რუსული არმიის ნაწილი. მათ შემდეგ ადგილობრივი მოხალისეებიც დაემატათ.
დღეს ცხინვალელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ომშია და მსხვერპლიც და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვიც ძალიან მაღალია.
შეიძლება ითქვას, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა თავისი თავდაცვისუნარიანობა რუსეთს მიანდო. ამიტომაცაა, ცხინვალში შიში აქვთ, თუ რუსეთს დასჭირდება, ოსეთს მარტივად მიჰყიდიან საქართველოს, და წინააღმდეგობის შესაძლებლობასაც არ განიხილავენ. ცხინვალის რეგიონს კრემლი ისე აკონტროლებს, რომ წინააღმდეგობა არც ერთხელ არ მიუღია. ერთი იყო "აგენტების კანონი", რომელიც რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააპროტესტა და ჩვენგან განსხვავებით, აგენტების ნაცვლად ჩაიწერა უცხოელი პარტნიორები. ამის შემდეგ ყველა ორგანიზაცია დაიხურა, თუმცა ის მაინც ქნეს, რომ თავიანთ ხალხს აგენტები არ დაუძახეს.
შეიძლება ითქვას, ცხინვალის რეგიონი ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზაა, სადაც ოსებიც ცხოვრობენ, თან ამ ბაზასთან ოსებს წვდომა არა აქვთ. ისინი მეორეხარისხოვან მოსახლეობად გადააქციეს - აკრძალული აქვთ რუსებთან ურთიერთობა, მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. რუსების მიზანია, იქ ბაზა ჰქონდეს და სანაცვლოდ ოსებს უხდიან ფულს, ინახავენ დე ფაქტო მთავრობას, აღადგინეს ინფრასტრუქტურა, ძველი შენობები. ისიც სათქმელია, რომ თუ მოსახლეობის რაოდენობაზე გადავთვლით, ცხინვალში გაცილებით მეტი ფული დახარჯა რუსეთმა, ვიდრე აფხაზეთში. სამაგიეროდ, ცხინვალმა რუსეთისგან ის მიიღო, რომ ასეულობით ადამიანია დასაქმებული ე.წ. საჯარო სტრუქტურებში და მათ რუსეთი უხდის ფულს.
- რამდენია მოსახლეობა?
- დე ფაქტო არჩევნებიდან თუ გამოვთვლით, 35 000 კაცამდე უნდა იყოს, დე ფაქტო მონაცემებით კი - 54 000. მათ შორის ცოტაა ქართველი, ცხინვალში რამდენიმე ასეული, ასევეა ახალგორის ქართველობა, 1000 კაცამდე... ცალკე არიან რუსულ ბაზებში რუსები. უკრაინაში ომის დაწყებამდე დაახლოებით 10 000 რუსი სამხედრო იყო. ომის შემდეგ 2500-ია დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, ამ დარჩენილ 2500 კაცში ბრძოლისუნარიანი ძალიან ცოტაა იმ ფრონტის გასაჭირიდან გამომდინარე, რაც რუსებს უკრაინაში აქვთ. სამხედროები ოჯახებით ცხოვრობენ, თუმცა ოჯახის წევრებიანად ჯამში რამდენი რუსია, ცნობილი არ არის. მათ საკუთარი ინფრასტრუქტურა აქვთ: ბაღები, სკოლები. ბევრი ბაზა აქვთ, თბილისი-გორის ტრასის გასწვრივაც, ქართველებისგან იძულებით დაცლილ სოფლებში, ასევე ახალგორშიც.
- რას ითვლის რუსეთი ცხინვალში?
- ცხინვალის ბიუჯეტის 80% რუსეთიდან ივსება. ბოლო წლებში ბიუჯეტი 9 მილიარდ რუბლამდეა და აქედან 7 მლრდ რუსეთის დახმარებაა. ადრე მთლიანად რუსულ ფულზე იყვნენ დამოკიდებული და, ბუნებრივია, ეს შავი ხვრელი იყო. პროექტებზე "ატკატებით"“მუშაობდნენ. ეს ყველამ იცოდა, თუმცა ახლა დაიწყეს საუბარი გაფლანგვაზე. პირველი, რაზეც პრეტენზია აქვთ მოსკოვში, რუსული პენსიებია. დღეს რუსეთის ეკონომიკას უჭირს და ქამრების მოჭერის პოლიტიკა დაიწყეს. საუბარია არა მხოლოდ გარდაცვლილი პენსიონერების ოჯახის წევრებისგან ფულის მითვისებაზე, არამედ ცხინვალის პენსიონერებზეც. ოსებში ყველას აქვს რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა განსხვავება არსებობს. ვინც ვლადიკავკაზშია ჩაწერილი, ის პირდაპირ რუსეთის მოქალაქედ ითვლება და პენსიაზე დანამატს იღებს, ვისაც ცხინვალში აქვს პასპორტი აღებული, ითვლება, რომ რუსეთის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს და ეს დანამატები არ ეკუთვნოდათ, თუმცა ყველა თანაბრად იღებდა. ახლა წამოსწიეს ეს თემა, რომ დარიგებული დანამატები უკანონო იყო და პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლებას ეკისრება, მან უნდა გადაიხადოს ეს ფული. ამას დაემატა ე.წ. სამინისტროებში უკონტროლოდ დახარჯული ფინანსები. ეს ყველაფერი ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების შევიწროების ერთიანი სცენარი მგონია. არის რამდენიმე ვერსია: ერთი, რომ ცხინვალის რეჟიმი კრიმინალისკენ ძალიან გადახრილია. მაგალითად, ადამიანებს სცემენ და მერე ე.წ. პრეზიდენტი საქმეებს არჩევს.
წელს ჟურნალისტი ალექსანდრ ქელეხსაევს უსაფრთხოების თანამშრომლებმა სცემს, გაიტაცეს და „პრეზიდენტ“ გაგლოევის კაბინეტში ძალით მიიყვანეს "ფეისბუკზე" გაგლოევის კრიტიკისა და ირონიული კომენტარის გამო, რომელიც კომუნალური გადასახადების გაზრდას ეხებოდა. გარდა ამისა, გაგლოევის ძმა ალიკი ცნობილი კრიმინალია, ის ბიზნესებს აკონტროლებს და ამის გამო კრიმინალური გარჩევები ხშირია...მეორე ვერსიით, ეს უკავშირდება ყოფილ ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს, რომელიც რუსეთში გავლენიანი პირია, დონბასში ფრონტის ზურგში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს და ცხინვალშიც არ გამორიცხავენ, რომ გაგლოევის "ხელისუფლების" ხარჯვის შემოწმება ბიბილოვის შურისძიება იყოს. გაგლოევმა გასულ წელს დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამგვარად მოუგო ბიბილოვის გუნდს. როგორც ითქვა, ვლადიკავკაზელი ოსებით ხელოვნურად გაზარდეს ამომრჩეველთა რიცხვი, საარჩევნო უბნებში ძალით მიიყვანეს პენსიონერები და სხვისი პირადობებითაც ჩაყარეს ხმები. ჯამში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა გაგლოევის გუნდმა. ბიბილოვმა გააპროტესტა, თუმცა დიდი პროტესტი არ ყოფილა, ის დონბასში დაბრუნდა. ამიტომ არ გამოირიცხება, რომ ეს ფინანსური რევიზიები სწორედ ამ შურისძიებას უკავშირდება და მოსკოვს სურს გაგლოევის ხელისუფლება შეიცვალოს. ამას ემატება რუსეთში "ქამრების მოჭერა". აშკარაა, დავალებაა დახარჯული ფული "ამოიქექოს" და ყველა ხვრელი ამოიკეტოს.