ჩინურ პორტებს ამერიკელები იტალიელებთან ერთად ყიდულობენ

პანამის არხის ორივე მხარეს მდებარე პორტების უმეტესობა ამერიკელების ხელში გადადის. ამერიკელების მიერ ჩინელებისგან ორი მსხვილი პორტის შესყიდვის შემდეგ პანამის არხი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირების შესაბამისად, “ვარსკვლავურ-ზოლებიან” ამერიკულ დროშას დაუბრუნდება.

Financial Times-მა ახლახან დაწერა, რომ პორტები, რომლებიც ჰონგ-კონგის უმდიდრეს ადამიანს, ლი კა-შინგს ეკუთვნის, ამერიკულ კონსორციუმზე გაიყიდება.

მაინც, ვინ ყიდულობს ჩინურ პორტებს?!

საუბარია ბალბოას და კრისტობალის პორტებზე, რომლის ამჟამინდელი მფლობელი ჰონგკონგურ კონგლომერატ CK Hutchison Holdings-ის შვილობილი კომპანია Panama Ports Company-ია (ჰოლდინგი, ასევე, იტალიაში შვილობილ Wind3-ის მფლობელია). 1997 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, CK Hutchison-ს პორტები კონცესიის შესაბამისად 2047 წლამდე უნდა ემართა, თუმცა 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ახალი რეალობა დადგა, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პანამაში ჩინეთის გავლენას შეამცირებდა და არხს დაიბრუნებდა.

კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით, Panama Ports Company-ის 90%-ს ყიდულობს კონსორციუმი, რომელიც ამერიკულ საინვესტიციო კომპანიებს, BlackRock-სა და Global Infrastructure Partners-ს (GIP), ასევე, შვეიცარიაში დაფუძნებულ Terminal Investment Ltd-ს (TIL) მოიცავს. TIL, ასევე, იტალიური გადამზიდავი კომპანია Mediterranean Shipping Company-ის (MSC) ნაწილია, რომლის მფლობელიც იტალიელი გემთმფლობელი, ჯანლუიჯი აპონტეა.

გარიგების თანახმად, BlackRock და მისი განყოფილება GIP, ხმელთაშუა ზღვის გადამზიდავ იტალიურ MSC-ისთან ერთად, პანამის პორტების გარდა, ჩინური ჰოლდინგის შვილობილ Hutchison Ports-ის 80%-საც შეიძენს, რომელიც 23 ქვეყანაში 43 პორტს ოპერირებს. ამ ქვეყნებს შორის არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, მექსიკა, ავსტრალია, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები.

გარიგების მთლიანი თანხა 22.8 მლრდ დოლარს შეადგენს.

ამასთან, მიმდინარე კვირას Bloomberg-მა ოპერაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ GIP მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ ფონდს ქმნის. კერძოდ, ჯგუფი 25 მლრდ დოლარს მისი მეხუთე ფლაგმანური ფონდ Gip Fund V-ისთვის აგროვებს. ამ ოდენობით ის ანალოგიურ ფონდ Brookfield Asset Management-ს მიუახლოვდება, რომელიც 28 მლრდ დოლარს ფლობს და მსოფლიოს უდიდეს ინფრასტრუქტურულ ფონდად რჩება. GIP-ისთვის ასეთი მცდელობები უცხო არ არის: ჯერ კიდევ 2019 წელს მან თავისი მეოთხე ფონდისთვის, დაახლოებით, 22 მლრდ დოლარი მიიზიდა, რომელიც ამჟამად ინვესტიციას წარმოადგენს.

ცნობისთვის: 2023 წელს CK Hutchison-ის საპორტო ოპერაციებმა კომპანიის მთლიანი შემოსავლის, დაახლოებით, 9%, ანუ 461.6 მლრდ ჰონგკონგური დოლარი (59.4 მლრდ დოლარი) შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ