„მე ვფიქრობ, აქ ბევრად უფრო სერიოზულად იყო საქმე - სერიოზული სპეცოპერაცია ჩატარდა მისი [გიორგი ბაჩიაშვილის] გასვლისთვის - მაღალი ალბათობით ამერიკელების ხელწერა ჩანს“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი „თანაინვესტირების ფონდში“ დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, კომპრომატებს ფლობს ფონდის საქმიანობის მიმართ და ეს ინფორმაცია შესაძლოა, FBI-ს მიაწოდოს.
„მე ვფიქრობ, აქ ბევრად უფრო სერიოზულად იყო საქმე - სერიოზული სპეცოპერაცია ჩატარდა მისი [გიორგი ბაჩიაშვილის] გასვლისთვის. მე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. თუ ეს იყო რომელიმე სპეცსამსახური, ბაჩიაშვილი სერიოზული აქტივია, ოქროს მოწმეა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ბიძინას კომპრომატის მფლობელია ბიზნეს მიმართულებით. ბაჩიაშვილი იყო „თანაინვესტირების ფონდის“ დირექტორი, შეიძლება ძალიან ბევრი იმ ტიპის ოპერაციები ტარდებოდა ფონდის გავლით და ტრანზიტად გამოიყენებოდა. ბაჩიაშვილი ფლობს სერიოზულ კომპრომატს, რაც შესაძლოა, გახდეს არათუ ბიძინას დასანქცირების საფუძველი, არამედ უკვე კრიმინალში ეჭვმიტანილიც შეიძლება გახადოს ივანიშვილი.
ბაჩიაშვილს დიდი ინფორმაცია ჰქონდა თავისი თანამდებობიდან გამომდინარე. „თანაინვესტირების ფონდის“ მიმართ კომპრომატი შესაძლოა, სკანდალური აღმოჩნდეს. [ბაჩიაშვილის მონაწილეობა ფონდის საქმეებში] საპროცესო შეთანხმებით ხდება ასეთი რაღაცები - პატარა ცუღლუტს დიდი ცუღლუტისთვის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ. აქამდე ბაჩიაშვილი შეიძლება ამ ინფორმაციას არ გასცემდა, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გასცეს. მან გუშინ თქვა კიდეც, რომ ახლა ყველანაირი მორალური ბარიერი მოხსნილი მაქვს და მზად ვარ ეს ინფორმაცია გავცეო.
ეთერებში ამის ლაპარაკს აზრი არ აქვს, ბიძინაზე რაც არ უნდა ილაპარაკო, გამოვა კობახიძე და იტყვის ანგელოზიაო. მე ვფიქრობ, ბაჩიაშვილი მზად არის იგივე FBI-ს გადასცეს ეს მასალები. ხელს ვერაფერს დავადებ, მაგრამ მაღალი ალბათობით ამერიკელების ხელწერა ჩანს, მარშრუტიც ისეა შერჩეული... აზერბაიჯანის გავლით შეუძლებელი იყო გამომდინარე თანამშრომლობის დონიდან აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, თურქეთს საკუთარი ინტერესები აქვს საქართველოში და ერდოღანი 3+3-ში საქართველოს შეთრევის ინტერესების გამო, საქართველოს ხელისუფლებას არ გააღიზიანებდა. ერთადერთი რჩებოდა სომხეთი, არის ლოგიკა რომ სომხეთის გავლით დატოვა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 4 მარტს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე საქართველო დატოვა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვება სომხეთის სახმელეთო საზღვრით მოახერხა. 5 მარტს ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
იქამდე ბაჩიაშვილს წარდგენილი ბრალდება, რომელიც 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.