მარტის ბოლოდან თბილისიდან რამდენიმე ახალი ავიარეისი შესრულდება. ამ პერიოდიდან ბაზარზე შემოდის ოთხი ახალი ავიაკომპანია - British Airways-ს, Transavia France-ი, easyJet-ი და Edelweiss-ი, რომლებიც 5 ახალი მიმართულებით განახორციელებენ ფრენებს.
უფრო კონკრეტულად, 30 მარტიდან იწყებს ფრენებს British Airways-ი. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ფრენები ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი ეკონომ კლასისთვის აპრილში 85-242 ევროს ფარგლებშია.
ბრიტანული დაბალბიუჯეტური easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ახალი მიმართულებით იწყებს ფენებს. პირდაპირი რეისები ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. ბილეთის ფასი კი აპრილში მიმართულებების მიხედვით 40-90 ევროს ფარგლებში იქნება.
9 აპრილიდან იწყებს საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ფრანგული ავიაკომპანია Transavia France. პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კომპანია კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ბილეთის ფასი აპრილში 76-114 ევროს ფარგლებშია.
12 აპრილიდან შემოდის ბაზარზე შვეიცარიული Edelweiss-ი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისიდან ციურიხის მიმართულებით შეასრულებს. ამ ეტაპისთვის, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება. რაც შეეხება საფასურს, 1 გზის ფასი აპრილში 116-183 ევროს ფარგლებშია.