„ყველა ითხოვს ხელფასის მომატებას, 800 ლარზე აღარ მუშაობენ, უნდათ, რომ 1400 ლარი მაინც ჰქონდეთ“

„ყველაზე დიდი პრობლემები მუშახელთან გაქვს. ყველა ითხოვს ხელფასის მომატებას. 800 ლარზე აღარ მუშაობენ, უნდათ, რომ 1400 ლარი მაინც ჰქონდეთ“,- ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარგში სამუშაო ძალის დეფიციტია, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტ სირთულეს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდება, რაზეც მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ მისი მოხსნა მეპურეებისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა.

„როგორც იცით, ერთ ტომარაზე იმპორტის ღირებულება აქამდე 12 ლარი იყო, ახლა კიდევ გაიზარდა, და ეს რომ მოვხსნათ, პურის მწარმოებლისთვის უკვე შეღავათია.

ისე კი, მინდა გითხართ, რომ ყველაზე დიდი პრობლემები მუშახელთან გაქვს. ყველა ითხოვს ხელფასის მომატებას. მთავრობაც იმას ამბობს, ღირსეული ხელფასი ყველასო და რატომ არ უნდა ჰქონდეს პურის მწარმოებელს ღირსეული ხელფასი?! 800 ლარზე აღარ მუშაობენ, უნდათ, რომ 1400 ლარი მაინც ჰქონდეთ. ესეც, ზოგადად ფასებიდან გამომდინარე ხდება, ყველაფერი გაძვირდა. ამ დროს, პური არ არის მაღალფასიანი პროდუქტი.

ამის გამო, პურის წარმოებაში კადრების დეფიციტია. საკმაოდ ბევრი წავიდა უცხოეთში და ეს ხდება დაბალი ანაზღაურების გამო. ამას ემატება ტემპერატურაც, რომელიც ჩვენთან სამუშაო გარემოშია და ძალიან უჭირთ მუშაობა“,- ამბობს მალხაზ დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსულ ფქვილზე იმპორტის გადასახადი ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა. აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება რამდენჯერმე, მათ შორის, ახლაც, აპრილამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, ტონაზე 300 ლარი იქნება.

პურის მწარმოებლები ითხოვდნენ, რომ აღნიშნული გადასახადი მოხსნილიყო, რომ პური არ გაძვირებულიყო. თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ ქვეყანაში ყაზახური ხორბლის შემოტანა დააანონსა, რაც მათი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა. თუმცა, მარტიდან პური დაახლოებით, 10-20 თეთრით გაძვირდა.

ნინი ქეთელაური