თურქმენეთი ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის მზად არის. ამის შესახებ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და ხალკ მასლაჰათის (სახალხო საბჭოს) ამჟამინდელმა თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა Euronews-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მან ექსპორტის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა.
ბერდიმუჰამედოვი 2024 წლის მარტშიც აცხადებდა, რომ თურქეთისა და ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდებას აპირებდა, ხოლო შესაძლო მარშრუტებად ასახელებდა კასპიის ზღვა-აზერბაიჯან-საქართველოს მარშრუტს ევროპის გაზსადენების სისტემით შემდგომი ტრანსპორტირებით. ასევე, განიხილება ირანის მარშრუტი, თუ ირანული ინფრასტრუქტურით ტრანზიტზე თეირანთან შეთანხმება იქნება მიღწეული.
ამასთან, 2023 წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ბერდიმუჰამედოვი ამბობდა, რომ გალკინიშის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც თურქმენულ ბუნებრივ აირზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ის ტრანსკასპიურ გაზსადენს თურქმენული გაზის ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის მაშინაც პერსპექტიულ მეგაპროექტად ასახელებდა.
ბერდიმუჰამედოვი ამჯერადაც მიიჩნევს, რომ თურქმენეთი გაზის მიწოდების საკითხებში ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ღიაა. მისი თქმით, ენერგეტიკულ სექტორში ევროპასთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული ბაზარი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და აშხაბადისა და ევროკავშირის პარტნიორობა ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს.
ცნობისთვის: 2023 წლის ივლისის ბოლოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აზერბაიჯანისგან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაცია მოითხოვა. უწყება აცხადებდა, რომ თურქმენეთი მზად არის, ევროკავშირისთვის გაზის მისაწოდებლად კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა დაიწყოს, რის შემაფერხებელ ფაქტორებსაც ვერ ხედავს.
პროექტის მიხედვით, ევროპულ ბაზარს 30 მლრდ კუბური მეტრის თურქმენული გაზი ყოველწლიურად, მინიმუმ, 30 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. ჯერჯერობით დასავლეთისთვის თურქმენული გაზის მიწოდების ერთადერთი გზა ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო მილსადენებია.
ტრანსკასპიური გაზსადენი თურქმენეთს შესაძლებლობას მისცემს, ევროპას გაზი რუსეთის გვერდის ავლით, კერძოდ, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიით მიაწოდოს. თურქმენეთის საგარეო უწყება ღიად აცხადებს, რომ ქვეყანა ამ იდეას არა მხოლოდ ეკონომიკურად და კომერციულად მომგებიან პროექტად განიხილავს, არამედ ენერგეტიკული ნაკადების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ