„დამატებით ახალი საექსპორტო ბაზრების აღმოჩენა დაგვეხმარებოდა ავტომობილების ამოყიდვაში“ - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი ბაზარი ისევ პროფიციტულია. კერძოდ, 2023 წელს ზედმეტად შემოტანილი ავტომობილები, 60 ათასი ერთეული, 2024-ში ბოლომდე არ გაიყიდა. შესაბამისად,როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, ბაზრის დარეგულირება მხოლოდ ამ ავტომობილების ამოყიდვას შეუძლია.
აღნიშნულში კი, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების და სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროებას ხედავს.
“ბაზარი დაბალანსდება, თუ ის მანქანები ამოიყიდება, რომელიც ზედმეტად შემოვიდა 2023 წელს. თუმცა, დამატებით ახალი საექსპორტო ბაზრების აღმოჩენა დაგვეხმარებოდა ავტომობილების ამოყიდვაში. ამას ემატება ისიც, რომ ადგილობრივ დილერებს კონკურენციას უწევენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორც სხვა სფეროებშია, ჩვენთანაც ანალოგიურ ტენდენციას ვხედავთ.
რაც შეეხება ახალ ბაზრებს, დაფიქრება შეიძლება სირიაზე, ასევე, უკრაინაში თუ ომი დამთავრდება... უფრო პერსპექტიული იქნება ის ბაზრები, სადაც ომი იყო. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, საომარი ვითარება იწვევს შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის განადგურებას, ომის შემდგომი პერიოდი კი უკვე ნიშნავს ახალი ძალების აღდგენას. ქვეყნის ეკონომიკა ისე ვერ აღდგება, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო პარკი არ აღდგა. თუმცა, დუბაიშიც არის საკმაოდ დიდი ავტოჰაბი და იქიდანაც შეიძლება სირიაში შევიდეს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დღესვე დავიწევთ ამაზე ფიქრს და კავშირებს გამოვნახავთ, მაგრამ მარტო ასოციაციას გაუჭირდება ამის გაკეთება. დარგი უნდა აღდგეს და სახელმწიფოც უნდა დაგვეხმაროს.
სახელმწიფოსთვის როგორც მინიმუმ პრიორიტეტული მაინც უნდა იყოს, რომ ახალი ბაზრები აღმოვაჩინოთ“,-ამბობს ალექსი ნონიაძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაზრდაა, რითაც ადგილობრივი ბიზნესი ნაკლებ სარგებელს ნახულობს.
„რასაც ვაკვირდებით, სახელმწიფო პოლიტიკას, საკმაოდ სოლიდური დელეგაცია გახლდათ ყაზახეთში, თურქმენეთში, არცერთი სიტყვა ავტოიმპორტზე არ იყო ნათქვამი. მაშინ, როდესაც იგივე ყაზახეთი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტში. არავის უთქვამს იქ, რომ მოდით, რაღაც ხელშეწყობა მივცეთ ამ სფეროს. სახელმწიფო უფრო ფიქრობს სატრანზიტო გადაზიდვებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ამით ადგილობრივი ბიზნესი ნაკლებად იღებს სარგებელს. როცა რაღაც კარგი კეთდება, ამის აღნიშვნაც არ გვიჭირს, მაგრამ როდესაც არაფერი კეთდება ამ მიმართულებით უნდა ვთქვათ ის, რაც არის და ვიყოთ კრიტიკულები"- ამბობს ალექსი ნონიაძე.