„როდესაც ახალი ავტომობილი გაუძვირდება ამერიკის მოქალაქეს, ეს შექმნის დეფიციტს მეორადი ავტომობილების ბაზარზე“

„როდესაც ახალი ავტომობილი გაუძვირდება ამერიკის მოქალაქეს, ეს შექმნის დეფიციტს მეორედი ავტომობილების ბაზარზე“, - ასე აფასებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას.

საუბარია, ახალი ავტომობილების აშშ-ში იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესებაზე. როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, აღნიშნული რეგულაცია არა ახალი, არამედ ძველი ავტომიბილების კუთხით იქონიებს გავლენას საქართველოზე, რადგან ამერიკელები ძველი მანქანების გაყიდვისგან თავს შეიკავებენ, დეფიციტი კი ფასზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

„ახალი ავტომობილების ჭრილში, ამ გადაწყვეტილების საქართველოზე გავლენაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს აისახება ძველ ავტომობილებზეც, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, საქართველოში იმპორტირებული მეორადი ავტომობილების 80% აშშ-დან მოდის. იქ ძალიან ბევრ რეგულაციაზე იყო საუბარი, მათ შორის, იყო შეღავათებიც, მაგალითად, აშშ-ში წარმოებული მანქანების შეძენისას, იგივე, უცხოური კომპანიის მხრიდან წარმოების აშშ-ში გადატანის შემთხვევაში, ისინი გათავისუფლდებიან ამ ყველაფრისგან. თუმცა, თუ წინასწარ დაანონსებული ცვლილებებში ეს ნაწილი არ შევა და დატოვებენ მხოლოდ იმპორტის 25%-იან ტარიფს, ჩვენზე გავლენას იქონიებს იმ კუთხით, რომ ამერიკის მოქალაქეს ახალი ავტომობილი გაუძვირდება, ის ნაკლებად გაყიდის თავის ძველ ავტომობილს, ანუ დაფიქრდება ახალი ავტომობილის ყიდვაზე მისი ფასის გამო. ეს მეორადი ავტომობილების ბაზარზე შექმნის გარკვეულ დეფიციტს, რაც გამოიწვევს მის გაძვირებას. შესაბამისად, უკვე გაძვირებული მოხვდება საქართველოში.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მეორადი ავტომობილების ბაზრის კუთხით იმოქმედებს და არა ის, რომ ახალი ავტომობილები გაგვიძვირდება. მაგალითად, ამერიკაში ევროპიდან შესული ავტომობილი რატომ უნდა ვიყიდოთ 25%-იანი ფასნამატით, როდესაც შეგიძლია, რომ პირდაპირ ევროპიდან ჩამოიყვანო, ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებაში ახალ ავტომობილების "ქეისში" ჩვენ არ მოვიაზრებით.

გავლენა იქნება ის რომ, როდესაც ახალი ავტომობილი გაუძვირდება ამერიკის მოქალაქეს, ეს შექმნის დეფიციტს მეორედი ავტომობილების ბაზარზე“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აშშ-ში კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ ახალ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას 1-ლი მარტიდან გეგმავდა. თუმცა მსხვილი ავტომწარმოებლების გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომ გადაწყვეტილების ამოქმედება 1 თვით, აპრილამდე გადაავადა.

ნინი ქეთელაური