10 ქვეყანა, რომელმაც USAID-სგან ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღო - რამდენია საქართველოსთვის გაწეული დახმარება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მარკო რუბიომ დღეს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად აუქმებს. მანვე აღნიშნა, რომ გაუქმდა 5 200 კონტრაქტი, რომელშიც „ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისე, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა“.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ USAID-ის პროგრამებს 90 დღით აჩერებდა, რა პერიოდშიც არსებული პროგრამების გადახედვა მოხდებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის ფინანსური დახმარება მიიღო საქართველომ გასულ წელს. ForeignAssistance.gov-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, USAID-ისგან საქართველომ 2024 წელს 111 530 087 დოლარის ღირებულების დახმარება მიიღო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2025 წლის მონაცემებით USAID-ის ფინანსური დახმარება საქართველოსთვის 42 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

იმ ქვეყნების ათეული, რომლებმაც 2024 წელს USAID-ის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, ასე გამოყურება:

  • უკრაინა - 6.053 მილიარდი დოლარი;
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 1.343 მილიარდი დოლარი;
  • იორდანია - 1.306 მილიარდი დოლარი;
  • ეთიოპია - 1.209 მილიარდი დოლარი;
  • დასავლეთი სანაპირო და ღაზის სექტორი - 917.6 მილიონი დოლარი;
  • სუდანი - 790.7 მილიონი დოლარი;
  • ნიგერია - 762.6 მილიონი დოლარი;
  • იემენი - 753.4 მილიონი დოლარი;
  • ავღანეთი - 743.2 მილიონი დოლარი;
  • სამხრეთი სუდანი - 705.3 მილიონი დოლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს USAID-ის პროგრამების ფარგლებში ყველაზე მეტი თანხა შემდეგ სექტორებში იხარჯებოდა: ჰუმანიტარული დახმარება (9.9 მლრდ დოლარი), ჯანდაცვა (9.5 მლრდ), მმართველობა (6.9 მლრდ), განათლება (1.1 მლრდ), ინფრასტრუქტურა (1.1), სოფლის მეურნეობა (1.1 მლრდ) და ა.შ.

მერი ტაბატაძე