რა ვიცით ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეზე, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს

ბიზნესმენი, „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელი გიორგი ჩიკვაიძე დღეს დააკავეს.

როგორც ცნობილია, მას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდა, რისთვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. თუმცა, გირაო პატიმრობით სასამართლო დარბაზში შეეცვალა. მოსამართლის განმარტებით, გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში არსებობს საფუძველი, რომ მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება ბიზნეს დავას, რომელიც „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელსა და „ელთ ბილდინგს“ შორის მიმდინარეობდა. „ელთ ბილდინგში“ აცხადებდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძემ დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ჩიკვაიძეს ძვირადღირებული იახტა უნდა ჩამოეყვანა, რაც გამოგონილი მიზეზებით, არ შეასრულა. თავის მხრივ კი, ჩიკვაიძე ამბობდა, რომ პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე თქვა უარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, რაც გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესების შესახებ არის ცნობილი.

თუმცა, სანამ მის ბიზნესწილებზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ მე­დი­ის­თვის მი­სი­ვე მო­ნა­ყო­ლის თა­ნახ­მად, და­ახ­ლო­ე­ბით 2015 წლი­დან, საფ­რან­გეთ­ში ყოფ­ნი­სას ჩა­ერ­თო იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­ში, მოხ­ვდა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია „აზი­მუტ ბე­ნეტ­ში“ და იქ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით და­ი­წყო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

გიორგი ჩიკვაიძე რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა Azimut Yachts-ს წარმომადგენლობას საქართველოში. ეს არის იახტების მწარმოებელი იტალიური კომპანია, რომლის ფილიალი საქართველოში 2017 წლიდან გაიხსნა. კომპანიას იტალიაში აწყობილი იახტები საქართველოში ჩამოჰქონდა და რეალიზაციას ახდენდა.

უკვე მოგვიანებით გიორგი ჩიკვაიძე პოზიციონირდა როგორც კომპანია „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელი და როგორც ამბობდა, საქართველოში იახტებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, იახტების ღირებულება კი 130 ათასი დოლარიდან 1 მლნ ლარამდე მერყეობდა.

მოგვიანებით, 2024 წლის აპრილში, ბიზნესმენმა bpn.ge-თან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ არასწორი ნაბიჯები ხორციელდებოდა. კერძოდ, გიორგი ჩიკვაიძე ამბობდა, რომ საქმე „ბიზნესის ახევას“ შეეხებოდა. ამასთან, კომპანია, გაყიდვების კლებაზეც ამახვილებდა ყურადღებას. გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისიდან კომპანიამ „რამზეს იახტს“-მა მუშაობა ფაქტობრივად, შეაჩერა.

რაც შეეხება გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესებს საქართველოში, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე ფიქსირდება 2 კომპანიის მეწილედ და დირექტორად, ასევე „მოძრაობა კორუფციის სავანეს“ დამფუძნებლად.

უფრო კონკრეტულად, რეესტრის მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე არის შპს „ეგზოტიკ ზუ-ს“ და შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმ“-ის მეწილე და დირექტორი.

2024 წლის სექტემბრის ამონაწერით, შპს „ეგზოტიკ ზუ“ 2019 წლიდან ფუნქციონერებს. მისი 20%-იან წილს ფლობს გიორგი ჩიკვაიძე, ხოლო 80%-ს სამხრეთ აფრიკაში მდებარე „ვილემ ჰენდრიკ ბრუქს“-ი.

რაც შეეხება შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმ“-ს, ასევე 2024 წლის სექტემბრის ამონაწერით, კომპანიის 100%-ანი წილი გიორგი ჩიკვაიძეს ეკუთვნის.

ნინი ქეთელაური