საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 საფინანსო ინსტიტუტი ჯამში, 55 000 ლარით დააჯარიმა. საუბარია, 3 მიკროსაფინანსოსა და ერთ სესხის გამცემ სუბიექტზე.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის განმარტებით, „გირო კრედიტი“ დაჯარიმდა 10 000 ლარით, „მაიკროფინი“ 6 000 ლარით, , „მისო მონეტა ექსპრესი“ 10 000 ლარით, ხოლო სესხის გამცემი სუბეექტი „თ-ნ გოლდ“ – 29 000 ლარით.
როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „მაიკროფინმა“ ორ კლიენტთან მიმართებით არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების წარმომავლობის შესწავლა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებით. შედეგად, ხსენებული დარღვევის ორი ფაქტისთვის, მიკროსაფინანსო დაჯარიმდა 6 000 ლარით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მისო მონეტა ექსპრესის” შემთხვევაში, სებ-ის განცხადებით, გამოვლინდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ არასწორად წარდგენის 5 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შესაბამისად, ნახსენები დარღვევის 5 შემთხვევისთვის სულ - 10 000 ლარის ოდენობით.
„გირო კრედიტთან“ დაკავშირებით, ეროვნული ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2 კლიენტთან მიმართებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების წარმომავლობის შესწავლა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე. შესაბამისად ხსენებული დარღვევის ორი შემთხვევისათვის, მისო დაჯარიმდა 6 000 ლარით.
ასევე, სებ-ის განმარტებით, გამოვლინდა „გირო კრედიტის“ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან მიმართებით გამოიკვეთა მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის არასწორად წარდგენის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით
შედეგად, „გირო კრედიტს“ ჯამურად დაეკისრა 10 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა.
რაც შეეხება სესხის გამცემი სუბიექტს შპს „თ-ნ გოლდ“, ჯარიმის საერთო მოცულობამ 29 000 ლარი შეადგინა.
სესხის გამცემ სუბიექტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით, რისთვისაც დაჯარიმდა 5 000 ლარით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 ფაქტისთვის დაეკისრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით (თითოეულ დარღვევაზე 2000 ლარი);
ორგანიზაციაში დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. რის გამოც დაჯარიმდა 15 000 ლარით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებით საქმიანობის არსის დაუდგენლობის ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაფიქსირდა ერთ კლიენტთან მიმართებით მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შესაბამისად, აღნიშნულისთვისაც, სესხის გამცემი სუბიექტი დამატებით 2 000 ლარით დაჯარიმდა.