პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით ონლაინ რეგისტრაცია იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები მოკლევადიან კურსებს უფასოდ გაივლიან, რის შემდეგაც მათ მუნიციპალიტეტი კერძო სექტორში დასაქმების კუთხით დაეხმარება.
„ძალიან ბევრია ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და პარალელურად ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და ვიცით ყველა ის მიმართულება, სადაც საჭიროა კვალიფიციური კადრები. წამოვიწყეთ პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ რომელიც ხელს უწყობს ყველა ადამიანს გადამზადდეს და გახდეს პროფესიონალი და ვეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში.
მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში დღეიდან 31 მარტის ჩათვლით აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების მიღებას, ონლაინ რეგისტრაციას. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების გადამზადებას მოკლევადიანი კურსებით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას. გადამზადება არის უფასო. გადასახადი არ გექნებათ, ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე.
პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში - მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიისა და ფინანსების სფეროში. წელს ასევე დაემატება 10 ახალი პროგრამა, მათ შორის ბრენდ-დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანური რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსწავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობების დამზადება, კომპიუტერის აპარატურის პროგრამული პრობლემების ტექნიკის შემსწავლელი კურსი და ა.შ.
აღნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო წლებში ჩვენ ათი ათასობით მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით საშუალება გადამზადებულიყო და 70% დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს. ეს მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ გვაქვს რესურსი რომ გავაუმჯობესოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.