გუშინ თბილისში, „ღვინის ქარხანაში“ ხანძარი იყო. პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტთან 4 სახანძრო სამაშველო მანქანის მობილიზება გახდა საჭირო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი „ღვინის ქარხანაში" არსებული ერთ-ერთი რესტორნის „ტავერნა მინთ“ სახურავზე გაჩნდა.
აღნიშნული კომპანია სამეწარმეო რეესტრში „ღვინის ქარხანა #1”-ის სახელით არის რეგისტრირებული. ის ოფიციალურად 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
მიმდინარე წლის 5 მარტის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 53%-ს ფლობს შპს „არტ ღვინო“, 39%-ს შპს „მაილინ გრუპი“, ხოლო 8%-ს გიორგი კალანდაძე.
თავის მხრივ, შპს „არტ ღვინოს“ 100%-ანი წილის მფლობელია გიორგი კალანდაძე, ხოლო შპს „მაილინ გრუპს“ კვიპროსზე რეგისტრირებული შპს „ლინვილ ლიმითედ“-ი ფლობს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ღვინის ქარხნის“ დირექტორია არჩილ ივარდავა.