„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 189 820 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.
კერძოდ, დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა.
„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 189 820 სესხია გაცემული, შესაბამისად, უცვლელი რეფინანსირების განაკვეთის პირობებში, მომხმარებლებს ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლებათ.
„189 820 ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (82%). 16% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 2%-ია გაფორმებული.
ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 15.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. იპოთეკური სესხების მოცულობა 4.5 მლრდ. ლარს შეადგენს და სამომხმარებლო სესხებზე 2.7 მლრდ. ლარი არის გაცემული. მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (5.1 მლრდ ლარი), ხოლო დიდ ბიზნესზე 3 მლრდ. ლარი.
ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 54 895 ლარს, სამომხმარებლო სესხის 36 553 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე 166 091-ს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის მოცულობა 967 133 ლარს შეადგენს.
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდებოდა და 2024 წლის ოქტომბერში 0.3% შეადგინა. თუმცა, შემდეგ თვეებში გაიზარდა და 2025 წლის თებერვალში 2.4% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისიდან.
ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება და გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები წნეხს ჰქმნის ინფლაციის ზრდაზე მომდევნო თვეებში. თუმცა, მეორეს მხრივ მოსალოდნელია ერთობლივი მოთხოვნის შემცირება,“ - აღნიშნულია ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში.