„დამსაქმებლები უკვე დგანან კადრების დეფიციტის წინაშე, მაგრამ გარკვეულ სექტორებში, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, დასაქმებულების შემცირებები გამოიწვია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იურისტმა დავით კესარელმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან და რიგი პროცესებიდან გამომდინარე, გარკვეულ სექტორებში დამსაქმებლები კადრების ოპტიმიზაციას ცდილობენ.
„დამსაქმებლები დიდი ხანია მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან პერიოდული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით. ამას ემატება ისიც, რომ მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები შედარებით რთულად პროგნოზირებადია, თუნდაც ვალდებულებების ნაწილში, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან დამსაქმებლები გარკვეული პერიოდის შემდეგ. მართალია, დამსაქმებლები დგანან კადრების დეფიციტის წინაშე, მაგრამ გარკვეულ სექტორებში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ დასაქმებულების შემცირებები გამოიწვია. სამართლებრივ ნაწილში რომ შევაფასოთ, ეს იწვევს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის პოტენციურ დავებს და შესაბამისად, კიდევ უფრო გადატვირთავს ისედაც გადატვირთულ სასამართლოს. მთლიანობაში ამით მცირდება სასამართლოს საქმეების წარმოების ეფექტურობა და კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივებს უკავშირდება ეს პროცესი,“ - ამბობს კესარელი.
მანვე აღნიშნა, რომ კადრების შემცირების და რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში.
„დამსაქმებლები კადრების ოპტიმიზირებით არიან დაკავებულები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ სასამართლო დავები დასაქმებულებთან. აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში შემცირებების ფონზე, კერძო სექტორშიც აქტიურად მიმდინარეობს მუშახელის ოპტიმიზაცია. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, თუმცა ფონი სამართლებრივ სივრცეში ასეთია, რომ აქტიური საუბარი მიმდინარეობს რეორგანიზაციის საფუძვლებსა და კანონიერებაზე,“ - განაცხადა დავით კესარელმა.
ცნობისთვის, 2024 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობა შემცირდა. ასე მაგალითად, თუ 2024 წელს უმუშევრობის წილი 13.9% იყო, წინა წელს კი 16.4%. მიუხედავად წლიური შემცირებისა, 2024 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, წლის ბოლოს უმუშევრობა გაიზარდა და წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობამ საქართველოში 14.2% შეადგინა, პირველი კვარტალი - 14%, მეორე კვარტალი - 13.7%, ხოლო მესამე კვარტალი - 13.8%. ამასთანავე, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევარი ადამიანების რიცხვი 8.2 ათასით გაიზარდა.