ანალიტიკოსები ძვირფასი მეტალის გაძვირებას ელოდებიან.
როგორც Galt&Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, 2025 წლისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 3000 დოლარს მიაღწევს. ამ დროისთვის კი, წლის საშუალო ფასი 2 811 დოლარს შეადგენს.
როგორც მკვლევარი განმარტავს, გაზვირების გამომწვევ მიზეზებს შორის არის, როგორც ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის ტენდენციის განგრძობითობა, ისე მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებაა.
„წამყვანი საინვესტიციო ბანკების ამჟამინდელი პროგნოზების თანახმად ოქროს საშუალო ფასი მიმდინარე 2025 წელს ერთ უნციაზე $3 000-ს მიაღწევს. დღეის მდგომარეობით, 2025 წლის საშუალო ფასი $2 811 არის. შესაბამისად, ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არსებობს. ამ მოლოდინს კი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:
ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ოქროს შესყიდვები - ეს ფაქტორი ბაზარზე არახალია და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ბანკების აქტივობა არ შენელებულა და შესაბამისად, მათი შესყიდვები კვლავ დადებით ეფექტს ახდენს ფასებზე.
მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია - ოქრო, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო (ან ყველაზე მეტად უსაფრთხო) აქტივად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე მისი მიმზიდველობა იზრდება. მაგალითისთვის, როცა ინვესტორები საკუთარ პორტფელზე პოტენციური სატარიფო ომის გავლენის შემცირებას ცდილობენ, მათ აქციების ბაზარზე გაკეთებული ინვესტიციების ნაწილი სხვა დაბალრისკიან აქტივებში გადააქვთ (მათ შორის დიდწილად ოქროში).
საპროცენტო განაკვეთების შემცირება - ოქროს ძირითად კონკურენტად, როგორც წესი, დაბალრისკიანი სახაზინო ობლიგაციები განიხილება. გასული წლების განმავლობაში, გლობალური ინფლაციის დამსახურებით, მსხვილ ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე იყო, რაც სახაზინო ობლიგაციების გაზრდილ შემოსავლიანობაში ითარგმნებოდა, მათი მაღალი შემოსავლიანობა კი ამცირებდა ოქროს მიმზიდველობას. დღეის მდგომარეობით საპირისპირო ციკლი უკვე დაწყებულია - წამყვანი ცენტრალური ბანკები თანდათანობით ამცირებენ (ან ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შეამცირებენ) საპროცენტო განაკვეთებს, რაც ძვირფასი მეტალის მოთხოვნაზე დადებით ეფექტს იქონიებს“,- ამბობს მკვლევარი.
ცნობისთვის, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1044 ტონით გაზარდეს. მონაცემების მიხედვით, ზედიზედ მესამე წელია ცენტრალური ბანკები წლიურად რეზერვებს ჯამში 1000 ტონაზე მეტით ზრდიან.
ამასთან, 2024 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.