2025 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 8.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, წელს თებერვალში დედაქალაქში 3 205 ბინა გაიყიდა.
ამავე ანგარიშის თანახმად, 2025 წლის თებერვალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 0.6%-ით, 234 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
„2025 წლის თებერვალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 20.4%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.1%-ით მოიმატა.
ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის თებერვალში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 3.9%-ით გაიზარდა.
2025 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი 6.2% და 5.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - აღნიშნულია „ქოლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.
უფრო კონკრეტულად, წელს თებერვალში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი ძველ პროექტებში 1 191 დოლარს შეადგენდა, ახალი პროექტებში კი ფასი 1 149 დოლარს გაუტოლდა.