„უახლოესი პერიოდისთვის, ყულევის ტერმინალს გააჩნია ამბიციური გეგმა, გააორმაგოს ტერმინალის არსებული ტვირთბრუნვა და მიაღწიოს წელიწადში 4 მლნ ტონას, რაც ბუნებრივია გაზრდის საქართველოს რკინიგზის დატვირთულობას და შუა დერეფნის ტვირთბრუნვაზე დადებითად იმოქმედებს,” - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიტიკურ პუბლიკაციაშია საუბარი.
ცნობისთვის, SOCAR Kulevi Terminal-ი აზერბაიჯანის SOCAR-ის საკუთრებაა, რომელიც ინფრასტრუქტურის გაფართოების პარალელურად ტვირთების ნომენკლატურის გაზრდას გეგმავს.
როგორც უკვე ითქვა, ნავარაუდევია დამატებით შეკუმშული აირის და ნავთობქიმიის პროდუქციის გადამუშავება, რისთვისაც, სატრანსპორტო დერეფნის ცენტრი წერს, რომ აუცილებელი იქნება სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა.
ტერმინალის ხელმძღვანელობა, ვარაუდობს აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზების გამოყენებით – ყაზახეთის, თურქმენეთის და რუსეთის სატრანზიტო ტვირთების მიღება – გადამუშავებას, საჭიროების შემთხვევაში შენახვას და შემდგომში გატარებას.
ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წელს გაუშვეს და მისი ჯამური სიმძლავრე 10 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავებას შეადგენს. როგორც TCRC (სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი) წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონას შეადგენს, მისი დატვირთულობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 20%-ს არ აღემატებოდა.
„რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად ტერმინალის ტვირთბრუნვა 30%-ით გაიზარდა, მაგრამ მისი მაქსიმალური დატვირთვით გამოყენება ჯერ კიდევ შორსაა და მოითხოვს მეზობელ კონკურენტ ყაზახეთის და თურქმენეთის ტვირთმფლობელებთან მიმართებით, მოქნილი, ტერმინალზე თავისუფალი დაშვების პოლიტიკის განხორციელებას.
ყულევის ტერმინალის ნავთობის და ნავთობპროდუქტების შესანახი რეზერვუარების ჯამური მოცულობა 407 000 კუბურ მეტრს შეადგენს. ტერმინალს გააჩნია ექვსი ესტაკადა, სადაც შესაძლებელია ერთდროულად 208 სარკინიგზო ცისტერნის დაცლა, რაც ტვირთმფლობელებისთვის მეტად მიმზიდველია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ამასთან, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს, რომ შეკუმშული აირის გადაზიდვის მოცულობების გაზრდის მიზნით დაინიცირებულია რამდენიმე პროექტი, რომელიც ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს და რიგი სამუშაოები დღეისთვის დასრულებულია.
მათივე ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია შეკუმშული არის შესანახი სათავსოს მოწყობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება თვეში 40–60 ათასი ტონა შეკუმშული აირის რეზერვუარში დასაწყობება.
რაც შეეხება ნავთობქიმიური ტვირთების გადამუშავებას, როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს, ეს ტერმინალისთვის ახალ მიმართულებას წარმოადგენს და რუსეთიდან რკინიგზით ქიმიკატების ტრანსპორტირებას მოიცავს.
„2023 წელს ტერმინალში რუსეთიდან 5 ათასი ტონა ეთილენგლიკოლის პირველი პარტია შემოვიდა. იმავე პერიოდში ტერმინალში გადაიტვირთა 8 ათასი ტონა მეთილ–ტრედ–ბუტილის ეფირის მოცულობის პროდუქცია. იმავე 2023 წელს ყულევში რუსეთიდან შემოვიდა 8.5 ათასი ტონა პიროკონდენსატი.
ამ ნაწილში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, ხომ არ იქცევა ყულევის ტერმინალი რუსეთის სანქცირებული ნავთობქიმიური ტვირთების გატარების მოსახერხებელ ინფრასტრუქტურულ რგოლად“,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
TCRC-ს ინფორმაციით, ტერმინალი 2014 წლიდან ახორციელებს SOCAR-ის კუთვნილ Socar Methanol-ის ქარხანაში აზერბაიჯანული მეთანოლის გადამუშავებასაც. მეტიც, მეთანოლის ტრანზიტისათვის ყულევის ტერმინალში 42 ცისტერნის ერთდროული ჩამოსხმის ფრონტით მოწყობილია სარკინიგზო ესტაკადა.
„მეთანოლის კომპლექსის სიმძლავრე წელიწადში 600–650 ათასი ტონაა. საიდანაც მცირე 5 – 20 ათასი ტონიანი პარტიებით იტვირთება თურქეთის, რუმინეთის და უკრაინის მიმართულებებით. „სოკარმა“ შექმნა სპეციალური ინფრასტრუქტურა, რითაც შესაძლებელია მეთანოლის პირდაპირ ტანკერებში გადატვირთვა.
2021 წლიდან ყულევში იტვირთება საგზაო ბიტუმი. „სოკარმა“ წელიწადში 400 ათას ტონამდე გაზარდა საგზაო ბიტუმის გამოშვება ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ბიტუმი საქართველოს გარდა მიეწოდება უკრაინას და თურქეთს.
უახლოეს პერიოდში გათვალისწინებულია ყულევის ტერმინალის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება. პერსპექტივაში არსებული 12–14 მ დაღრმავება გაიზრდება 15 მეტრამდე. შედეგად, შესაძლებელი იქნება ტერმინალმა განაახლოს Aframax-ის ტიპის 80–119 ათასი ტონა დედვეიტის გემების მიღება და გაზარდოს ნავთობის გადაზიდვის პარტიები. სადღეისოდ ტერმინალს მხოლოდ 45 ათასი ტონა ტვირთამწეობის გემების მიღება შეუძლია,“ - წერს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.
პუბლიკაციაში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ ერთობლიობაში ყულევის ტერმინალში გათვალისწინებული პროექტები უზრუნველყოფენ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაფართოების და დამატებითი ტვირთების მოზიდვის ამოცანის გადაწყვეტას.