ევროკავშირის ბიზნესის კლიმატის კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების დეფიციტი.
2024 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიზნესებისთვის გაფართოების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს წამყვანი ბიზნესების გამოკითხვამ აჩვენა, რომ კადრების დეფიციტის გამო, კომპანიები თავს იკავებენ ახალი პროექტების დაწყებისგან ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: მშენებლობა და უძრავი ქონება, ხოლო რიგ შემთხვევაში თავს არიდებდნენ ახალი ფილიალების გახსნას (მაგალითად ასეთი იყო სააფთიაქო ქსელები).
კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ აისახებოდა კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესების საქმიანობაზე. კვლევის მიხედვით, ბიზნესების 48%-მა აღნიშნა, რომ არასაკმარისი უნარების მქონე კადრების გამო, მათი გაყიდვები ან წარმოება 5%-დან 40%-მდე დანაკლისს აჩვენებს.
ამასთან, ანგარიშში საუბარია მთელ რიგ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს ემიგრაცია და სამუშაო ძალის მოცულობა. უფრო კონკრეტულად, ემიგრაციას მთავარ პრობლემა მიიჩნევს გამოკითხული ბიზნესების 66%.
გარდა ამისა, გამოკითხული ბიზნესები მიიჩნევენ, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი გამოწვეულია შემდეგი მიზეზებითაც: მწირი პროფესიული განათლება - 65%; სუსტი ურთიერთობა კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო სფეროს შორის - 33%; სუსტი უმაღლესი განათლება - 24%; სუსტი საბაზისო განათლება - 22%; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების სიმწირე - 20% და ა.შ.
„საქართველოს შრომითი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი არაპროდუქტიულად არის გამოყენებული, რადგან რესურსები ხშირად მაღალი პროდუქტიულობის სექტორებიდან დაბალი პროდუქტიულობის პოზიციებში გადადის. ამ პრობლემის გადასაჭრელად მოკლევადიან გადამზადების პროგრამებს გარდამტეხი როლის შესრულება შეუძლია.
მაგალითად, დაბალი კვალიფიკაციის პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლები, როგორიცაა სუპერმარკეტის პერსონალი, შეიძლება გადამზადდნენ უფრო მაღალპროდუქტიულ პოზიციებზე. ამგვარი ცვლილება არა მხოლოდ გაზრდის მათი შემოსავლის პოტენციალს, არამედ გააძლიერებს კერძო სექტორის პროდუქტიულობას და შექმნის ხელსაყრელ ვითარებას როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში.