„ქართული ბიზნესი გადამწყვეტ როლს ითამაშებს ევროკავშირისკენ სწრაფვაში - წინ, საქართველო, წინ“ – EU-ს ელჩი

„უარყოფითი პოლიტიკური დინამიკა უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და საქართველოს ბაზარზე მოქმედ ბიზნესებზე,“ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ბიზნეს კლიმატის შესახებ განახლებულ 2024 წლის ანგარიშში წერს.

ელჩი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევების პირობებში და ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ქართული ბიზნესი გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

„2023 წლის დეკემბერში ევროპის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ განახორციელებდა ცხრა ნაბიჯს. თუმცა, მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილისა გაწევრიანდეს ევროკავშირში, 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ტრაექტორია არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის არჩევანი, მაგრამ გაფართოების პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და დამოკიდებულია რეფორმებზე, რომლებიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა გაატაროს. ეს რეფორმები არ განხორციელდა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა. ჩვენ ძლიერ ვწუხვართ ამ მდგომარეობის გამო.

ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით ევროპული ფასეულობების კუთხით უკუსვლის გამო, ევროკავშირმა შეამცირა დახმარება. ვატარებთ მნიშვნელოვან გადახედვას მიმდინარე პროექტებზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ჩვენ ვეღარ შევძლებთ განვახორციელოთ მრავალი შესანიშნავი პროექტი საქართველოში.

ეს უარყოფითი პოლიტიკური დინამიკა ასევე უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და საქართველოს ბაზარზე მოქმედ ბიზნესებზე. ბევრი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოს ბაზარზე შესვლა, ელოდა, რომ ქვეყანა მეტად დაუახლოვდებოდა ევროკავშირს, ახლა კი მათ აქვთ ლეგიტიმური კითხვები ქვეყნის მომავალზე, ვინაიდან, გაფართოების რეფორმის დღის წესრიგი ეკონომიკური გადარჩენის და მდგრადი ცვლილებების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

ბიზნესი ქმნის ცვლილებებს. მე გულწრფელად მჯერა, რომ უკეთესი დღეები ელის საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს და დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნეს სექტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ევროკავშირის მიზნებისკენ სწრაფვაში. წინ საქართველო, წინ,“ - აღნიშნულია პაველ ჰერჩინსკის შეფასებად ანგარიშში.

მერი ტაბატაძე