„მრავალწლიანი კულტურები შენდება ერთწლიანი კულტურების ნაცვლად,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობების შემცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„კოვიდის პერიოდში, როცა საზღვრები ჩაიკეტა, ხორბალსა და ქერზე გაიზარდა ფასები, რადგან ამ კულტურების მხრივ იმპორტზე ვართ დამოკიდებული. მაშინდელმა ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა, რომ ადგილობრივი წარმოება წაეხალისებინა. ამბობდნენ, რომ ხორბალი სტრატეგიული პროდუქტია და ამ კუთხით მუშაობაც დაიწყეს. ამერიკელი ექსპერტები იყვნენ ჩართულები და მათი დახმარებით დაიწერა სტრატეგია სექტორის გრძელვადიანი გეგმისთვის. გაიზარდა შიდა წარმოებაც და დანახარჯებიც. კოვიდის პერიოდში, წარმოების კუთხით მაღალი იყო ინფლაცია, რამაც თვითღირებულება გაზარდა და ფასის ზრდაც გამოიწვია, გარკვეულწილად მაშინ შეიქმნა დამატებითი სტიმულები კიდევ უფრო მეტი ქერი და ხორბალი ეწარმოებინათ.
სახელმწიფო პოლიტიკაც ამ კუთხით იყო მიმართული, თუმცა შემდეგ დაიწყო მეორე კრიზისი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. გარკვეულ ბაზრებზე რუსული ხორბლის გაყიდვა შეიზღუდა და აქედან გამომდინარე საქართველოში შედარებით იაფად შემოვიდა ხორბალი და ქერი, რამაც ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ამან კი ქართველ ფერმერებს დიდი კონკურენცია გაუწია.
ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა იყო, ერთის მხრივ წარმოების ხარჯები და თვითღირებულება იყო გაზრდილი, მეორე მხრივ კი ფასი იყო ძალიან დაბალი და ფერმერები ამბობდნენ, რომ არსებული ფასი თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. აქედან გამომდინარე ვხედავთ და სტატისტიკაშიც აისახა, რომ 3 წელია მცირდება საშემოდგომო დამუშავებული ფართობები. მრავალწლიანი კულტურები შენდება ერთწლიანი კულტურების ნაცვლად, ეს არის გარკვეული ტენდენციაც, ერთწლიანი კულტურები მოდის ისეთ ადგილებში, რისი მორწყვაც ხდება, მრავალწლიანი კულტურები კი საჭიროებენ, რომ ირიგაციის სისტემა იყოს გამართული. აქედან გამომდინარე ერთწლიანი კულტურები ჩანაცვლდა მრავალწლიანით, მაგრამ ეს დიდ როლს არ თამაშობს.
მთავარი ფაქტორი, მაინც გახდა რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი, რადგან ბევრად იაფია ვიდრე ადგილობრივი. აქედან გამომდინარე, ფერმერების მოტივაცია იკარგება, რომ უფრო მეტი მიწა დაამუშაონ. წლიდან წლამდე მცირდება დაუმუშავებელი მიწის ფართობები. ეს არის მთავარი ფაქტორი რის გამოც მცირდება ნათესი ფართობები.
ეს სექტორი, სოფლის მეურნეობაში მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ცოდნას, ეს კი მოითხოვს დიდ ინვესტიციებს, რაც ფერმერისთვის ძალიან რთულია. ამასთან, სექტორის მდგომარეობა წლიდან წლამდე მცირდება და მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო შეიქმნას, რადგან ხორბალი სტრატეგიულ პროდუქტად იყოს მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან საუბარი იყო გარკვეული სტრატეგიის შექმნაზე, თუ მსგავსი რამ მოხდება ფერმერს უფრო კონკრეტულად შეეძლება დარგის განვითარება,“ - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარცვლოვანი კულტურების საშემოდგომო ნათესი ფართობები ექვსწლიან მინიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წლისთვის ხორბლისა და ქერის ნათესი ფართობები 58.7 ათას ჰექტარს შეადგენს. ამასთან, 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია 22 041 ტონა ხორბალი, რომლის ღირებულებამაც 5.29 მილიონ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქართული ხორბლის ექსპორტი არ განხორციელებულა.