„ველოდებით, რომ ძალიან მალე Taobao-სა და Pinduoduo-ს ქართული ვერსიები გაეშვება,“ - ამის შესახებ INEX Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, თარგმნის პროცესში ჩართულია თავად INEX Group-იც, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სარეალიზაციო პროდუქტების რაოდენობა 6 მლრდ-ს აჭარბებს, სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე მხოლოდ პლატფორმების მენიუ იქნება ქართული.
„თუ აქამდე აპლიკაციები იყო ჩინურად და მომხმარებელი ერიდებოდა რამის გამოწერას, რომ შეცდომა არ დაეშვათ, ეს ბარიერი უკვე მოხსნილია, რადგან ინგლისური დაემატა. ახლა უკვე გვპირდებიან, რომ ძალიან მალე ქართული ვერსიებიც გაეშვება. საუბარია, Pinduoduo-სა და Taobao-ზე. მათი წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და ინტენსიური მოლაპარაკება გვაქვს. როდესაც პროცესს ვიწყებდით, ჩვენ ავუხსენით, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ენის ბარიერი არის მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი, რადგან საქართველოში ბევრმა უცხო ენა არ იცის და უჭირთ. შესაბამისად, თუ იქნება ქართულად, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს გამოწერას. ამიტომ, მუშაობენ როგორც ერთ, ისე მეორე პლატფორმაზე და ველოდებით, რომ ძალიან მალე ქართული ვერსიები გაეშვება.
ჯერ-ჯერობით ვადები ცნობილი არ არის, ჩვენც ჩართული ვართ თარგმნის პროცესში. საკმაოდ დიდი და შრომატევადი პროცესია, რადგან მხოლოდ Taobao-ს პლატფორმაზე 6 მლრდ ნივთი იყიდება და აქ ყველა ნივთის დასახელება უნდა ითარგმნოს. ძალიან რთული პროცესია, ამიტომ, ალბათ, ჯერ მენიუ ითარგმნება და შემდეგ ეტაპობრივად გაგრძელდება პროცესი,“ - განაცხადა გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.