რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ოთხივე ტენდერში გამარჯვებული ცნობილია. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, ჯამში პროექტის ღირებულება 27 825 757 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოთხი ტენდერიდან სამში შპს „დინ გრუპმა“ გაიმარჯვა. კომპანია ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციას 8 599 925 ლარად განახორციელებს.
ამასთან, ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სამუშაოები 6 743 924 ლარი დაჯდება. რაც შეეხება მეტროსადგურ რუსთაველიდან ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით ტერიტორიას, სამუშაოებში 8 232 910 ლარი დაიხარჯება.
შპს „დინ გრუპი“ სამეწარმეო რეესტრში 2014 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ეპიტაშვილია. რაც შეეხება წილებს, ეპიტაშვილი კომპანიის 75%-იანი მეწილეა, დარჩენილ 25%-ს კი ვახტანგ ამაშუკელი ფლობს.
რაც შეეხება მეოთხე ტენდერს, გამარჯვებული „სმარტ სოლუშენსი“ გახდა. კომპანია ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურამდე „რუსთაველი“ სამუშაოებს 4 248 998 ლარად შეასრულებს.
შპს „სმარტ სოლუშენსი“ 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილებს სრულად ლევან გოგსაძე განკარგავს. დირექტორის პოზიციას კი გოგსაძე და გურამ კეკუა იკავებენ.