„რუსეთში ავტოიმპორტის გამო, მანქანებს რომ ვეღარ ჩამოვიყვანთ აშშ-დან და ევროპიდან, მერე რას ვიზამთ - „ჟიგულს“ შემოვიყვანთ?“

„ქართული ავტოიმპორტისთვის დამაზიანებელია,“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი საქართველოდან სანქცირებულ რუსეთში ავტომობილების შესაძლო ექსპორტის შესახებ ინფორმაციას.

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, ფაქტობრივად, განულებულია, თუმცა, სხვას ამბობს რუსული ანალიტიკური სააგენტო „ავტოსტატის“ მონაცემები. მათი კვლევით, მხოლოდ 2025 წლის თებერვალში რუსეთში მეორადი ავტომობილების 7.5% საქართველოდან შევიდა, ხოლო ახლების შემთხვევაში წილი 0.8%-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან რუსეთში 1 388 მეორადი მსუბუქი ავტომობილი შევიდა, იანვარში კი 1 145 ერთეული.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკით, წლების განმავლობაში საქართველო რუსეთში დიდი რაოდენობით ავტომობილებს ყიდდა, თუმცა, 2023 წლის 1-ელ აგვისტომდე. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთში საქართველოდან მანქანების ექსპორტი ჯერ მინიმუმამდე დაეცა, შემდგომ კი ფაქტობრივად, განულდა.

skema-1741871782.jpg

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი აღნიშნავს, რუსეთში დასავლური სანქციების გვერდით ავლით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი დააზიანებს არამარტო ქვეყნის იმიჯს, არამედ ბიზნესს. ეს კი მაშინ, როცა საქართველო ავტომობილების უდიდესი ნაწილის იმპორტს სწორედ იმ ქვეყნებიდან ახორციელებს, რომელსაც რუსეთი სანქცირებული ჰყავს.

„მხოლოდ იმიჯის საკითხიც არ დგას - თუ საქართველო ჩაითვალა სანქციების თავის ასარიდებელ ქვეყნად, რომლის საშუალებითაც რუსეთი შეიტანს პროდუქციას ქვეყანაში, ეს იქნება ავტომობილები თუ ელემენტარული ნათურა, ეს ქართველი ბიზნესმენებისთვის იქნება დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ავტომობილს ან ავტომობილის ნაწილებს, ჩვენ ვართ ჩამოკიდებულები დასავლეთზე.

რა გზით ხდება რუსეთში გაყვანა, ინფორმაცია არ მაქვს, შეიძლება ევაკუატორით გადატანა ხდებოდეს ან შესაძლოა, რაიმე გზით გადიოდეს ჩრდილოეთში ავტომობილები. მთელი ეს პროცესი სახიფათოა, დასანქცირებულია რუსეთი და ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობას თანამედროვე მსოფლიო და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც არიდებენ თავს. ჩვენ რომ ახლა თავი გამოვიდოთ და მათთან ვაწარმოოთ ბიზნესი, არ იქნება სწორი - გამოდის რომ ჩვენი თავის მტრები ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ.

მხვდებიან ადამიანები, ვისაც აინტერესებთ ჩრდილოეთის და რუსეთის ბაზარი. ჯერ ერთი რომ, არამყარი მეზობელია, ბიზნესი არ არის თავისუფალი იქ და არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული. რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანასთან გვქონდეს რაიმე ურთიერთობა, ან ბიზნესი ვაწარმოოთ და ავტომობილები გავიყვანოთ. პირობითად რომ ვთქვათ, დავუშვათ გავიყვანეთ 2 მილიონი ავტომობილი რუსეთში, ამის გამო როცა ვეღარ შემოვიყვანთ ავტომობილებს ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან, მერე რა შემოგყავს, „ჟიგული“? მათ ავტომობილებს შემოვიყვანთ?“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში 2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.

მერი ტაბატაძე