Ryanair დაგვიანებული მგზავრებისთვის 120 ევროს ჯარიმას აწესებს

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია, Ryanair მოთხოვნებს ამკაცრებს და ყველა მგზავრს, ვინც გამგზავრებამდე 40 წუთით ადრე გაივლის რეგისტრაციას, 120 ევროთი დააჯარიმებს.

ინფორმაციას ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით The Mirror ავრცელებს.

იგივე ოდენობის საფასური დაერიცხებათ მგზავრებს, რომლებიც შემდეგ ხელმისაწვდომ რეისზე ბილეთის გადაჯავშნას მოინდომებენ.

Ryanair-ის ახალი პოლიტიკის მიხედვით, მგზავრებმა თვითმფრინავის გაფრენამდე, მინიმუმ, 40 წუთით ადრე უნდა გაიარონ შემოწმება და მოხვდნენ შესასვლელ კართან, წინააღმდეგ შემთხვევაში 120 ევროთი დაჯარიმდებიან.

ამ ოდენობით, ასევე, დაჯარიმდებიან მგზავრები, რომლებიც თვითმფრინავს ვერ მიუსწრებენ და სხვა რეისზე გადაჯდომის მიზნით გამგზავრებამდე ერთი საათით ადრე მივლენ აეროპორტში. ამ შემთხვევაში 120-ევროიანი ჯარიმის გადახდა მგზავრს იმავე მარშრუტზე სხვა რეისის დაჯავშნისთვის მოუწევს.

ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით მგზავრები აეროპორტში გამგზავრებამდე ორი საათით ადრე უნდა მივიდნენ, რომ რეგისტრაციისა და სხვა შემოწმებისთვის საკმარისი დრო ჰქონდეთ. ავიაკომპანია მგზავრებს რეკომენდაციას უწევს, ამინდის პირობებსა და გზებზე შექმნილ ვითარებას დააკვირდნენ, რომ მგზავრობა, განსაკუთრებით, პიკის საათებსა და მაღალ სეზონზე დამატებითი დროით დაგეგმონ და ბილეთები ონლაონ-რეჟიმში წინასწარ დაჯავშნონ.

Ryanair-ში აცხადებენ, რომ დაგვიანებული რეგისტრაციისთვის 120-ევროიანი ჯარიმა მგზავრებს შორის პუნქტუალურობის წახალისებას ისახავს მიზნად.

ახალი ჯარიმა კიდევ ერთი დამატებითი გადასახადია მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ ონლაინ-რეჟიმის ნაცვლად აეროპორტში დასარეგისტრირებლად მგზავრებს დამატებით 65 ევროს გადახდა დააკისრა.

„თუ დაგეგმილ გამგზავრებამდე ორი საათით ადრე ონლაინ-რეჟიმში არ დარეგისტრირდებით, შეგიძლიათ აეროპორტში დარეგისტრირება გამგზავრებამდე 40 წუთით ადრე, თუმცა აეროპორტში შესვლის საფასური ჩამოგეჭრებათ,“ - განმარტავს Ryanair.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ