საქართველო მათემატიკაში 81 ქვეყნიდან მე-60 ადგილზეა - „განათლების დაფინანსების ზრდა, თავისთავად, ხარისხის ზრდას არ ნიშნავს“

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ზოგადი განათლების დაფინანსებაზე 1.9 მილიარდზე მეტი იხარჯება. ამასთან, წლების განმავლობაში, განათლების ბიუჯეტი მუდმივად მზარდი სახელმწიფო პროგრამაა. თუმცა, როგორც Gnomon Wise-ს კვლევაშია აღნიშნული, მიუხედავად პროგრამული ბიუჯეტისა, ათწლეულია, ზოგადი განათლების ქვეპროგრამები არ იცვლება.

უფრო კონკრეტულად, კვლევით ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წლის სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლები 23.4 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი. მთლიანად განათლების სექტორისთვის 3 მილიარდ 85 მილიონი ლარი გამოიყო. აქედან, ზოგადი განათლების დაფინანსება 1 მილიარდ 903 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2024 წლის დაფინანსებასთან შედარებით, 328 მილიონი ლარით, ანუ 20%-ით მეტია.

ამასთან, ზოგადი განათლება ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პროგრამაა, 2011-2025 წლებში 3-ჯერ (214%-ით) გაიზარდა. თუმცა, Gnomon Wise-ის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილებით, კარგი განათლების სისტემა ძვირია, თუმცა, დაფინანსების გაზრდა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ გულისხმობს განათლების ხარისხის ზრდას.

მაგალითისთვის, Gnomon Wise-ს მოყვანილი აქვს კავშირი PISA-ს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთ მოსწავლეზე, სწავლის პირველ და მეორე საფეხურებზე 20 000 დოლარამდე ხარჯავენ, ცვლადებს შორის კორელაცია ძლიერია, თუმცა კავშირი სუსტდება ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ერთ მოსწავლეზე დანახარჯი 20 000 დოლარზე მეტია.

მონაცემების მიხედვით, პოლონეთი, უნგრეთი და ესტონეთი ერთ მოსწავლეზე სამჯერ ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ნორვეგია, შვეიცარია და ლუქსემბურგი, მაგრამ მათ შედეგებს შორის განსხვავება თითქმის არ არის. მეტიც, ახალი ზელანდია, რომელიც PISA-ს ტესტებში მოწინავე ადგილს იკავებს, საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებს ხარჯავს. შესაბამისად, კვლევითი ცენტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა რესურსი მიდის განათლებაში, არამედ ის, თუ რამდენად სწორად ნაწილდება რესურსები.

Gnomon Wise-ს შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს განათლების ხარისხის გაზომვის ეფექტიანი მექანიზმი, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია PISA-ს კვლევა.

როგორც ცნობილია, PISA-ს კვლევა 4 წელში ერთხელ ტარდება და მსოფლიოს მასშტაბით, 15 წლის მოსწავლეების უნარებს აფასებს მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ბოლო კვლევა, რომელშიც 81 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, 2022 წელს ჩატარდა.

„საქართველო PISA-ს კვლევებში 2009 წლიდან მონაწილეობს. 2022 წლის შეფასებაში საქართველომ, 81 ქვეყნიდან, 65-ე ადგილი დაიკავა. 2018 წელს, ამავე რეიტინგში, საქართველო 70-ე ადგილს იკავებდა, თუმცა რეიტინგში დაწინაურების მიზეზი არა - გაუმჯობესებული შედეგები, არამედ სხვა ქვეყნების დაბალი შედეგებია.

მათემატიკაში საქართველო, 390 ქულით, მე-60 ადგილზეა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 66-ე, ხოლო წაკითხულის გააზრებაში - 67-ე ადგილზე. მეზობელი ქვეყნებიდან, მხოლოდ თურქეთი და აზერბაიჯანი შეფასდა. საქართველოს მაჩვენებელს თურქეთის საშუალო მაჩვენებელი 79 ქულით აღემატება, ხოლო აზერბაიჯანის მაჩვენებელი 2 ქულით ჩამორჩება (383). საქართველო, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, მხოლოდ უზბეკეთს უსწრებს. სხვა ქვეყნებთან შედარებით კი მაჩვენებლები დაბალია სამივე კომპონენტში. პოსტსაბჭოთა და მეზობელ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოს მაჩვენებელი (66.4%) იმ მოსწავლეებში, რომელთაც მათემატიკაში ვერ გადალახეს საბაზისო უნარების დონე. ანალოგიური მაჩვენებელი წაკითხულის გააზრებაში 67%-ია, ხოლო მეცნიერებაში – 65% და ჩამორჩება ყველა ქვეყანას, გარდა აზერბაიჯანისა და უზბეკეთისა“,- აღნიშნულია Gnomon Wise-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

როგორც კვლევითი ცენტრი აღნიშნავს, საერთაშორისო კვლევებით დასტურდება ისიც, რომ დაფინანსების ზრდა, თავისთავად, ხარისხის ზრდას არ ნიშნავს.

„ამისთვის საჭიროა სწორი იმპულსებით, პრობლემაზე ორიენტირებული ეფექტიანი განათლების პოლიტიკის შემუშავება. ამასთან, განათლების ხარისხის ამაღლებაზე მუშაობისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ეფექტიანი საზომი მექანიზმები“,- აღნიშნულია კვლევაში.

ნინი ქეთელაური