„ევროპულ კომპანიებს რაც აწუხებთ ეს არის ის, თუ საით მიდის საქართველო“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ისაუბრა.
„ევროკავშირის 2024 წლის ანგარიშში როცა ახსენებენ საქართველოს პოლიტიკურ არასტაბილურობას, სინამდვილეში გულისხმობენ პოლიტიკური კურსის პოტენციურ ცვლილებას. ძირითადად ევროპულ კომპანიებს რაც აწუხებთ, ეს არის ის, თუ საით მიდის საქართველო.
ადრე ითვლებოდა, რომ საქართველო არის ეკონომიკური ადგილი, სადაც რეფორმები დემოკრატიზაციისკენ მიდის, დღეს ეს მსგავსად არ გამოიყურება. ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნებით დამთავრდება და პროცესიც განიმუხტება, მაგრამ პოტენციური ინვესტორების ღელვა და შფოთვაა ბუნებრივია. მათი მთავარი კითხვაა - საქართველო რუსულ ორბიტაზე გადადის?
რაც შეეხება კორუფციას, მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების მართვის მოდელი კორუფციულია. მაგალითად, როგორ მუშაობს მერია, ყველაფერს სარეკრეაციო ზონის სტატუსი რომ მიანიჭა კალაძემ, რატომ გააკეთა ეს?! რადგან ამ სტატუსის შეცვლა შეიძლება. გვეუბნება ახლა - მე ამას ავკრძალავ, მოდი ჩემთან, დამელაპარაკები და შევუცვლი სტატუსს, ეს ხომ კორუფციის ნაყოფიერი ნიადაგია. კორუფციის ჭკვიანური მეთოდებია, აღებ-მიმცემლობა და ნაღდი ფულის თემა აღარ არის საქართველოში. უფრო ჭკვიანურია - სტატუსის შეცვლა, რომელიც რაღაცა ღირს, ვის შეუცვლის სტატუსს, ალბათ, ვინც „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურადაა განწყობილი. მე ნებართვის მიღება უფრო გამიჭირდება, ვიდრე ივანიშვილს და მის პარტნიორებს“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის, როგორც ევროკავშირის ქართული ბიზნესკლიმატის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, გამოკითხული ევროპული ბიზნესების 76.8% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია. გამოკითხულთა 65.9%-სთვის მთავარი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ხოლო ვალუტის კურსის მერყეობა პრობლემურია გამოკითხულთა ნახევარზე მეტისთვის, კერძოდ, 51.5%-სთვის.
ბიზნესის კეთების მთავარ ბარიერებად წამყვან პოზიციებს ასევე იკავებს არაეფექტური სასამართლო სისტემა (58%), კორუფცია (47.4%), სუსტი საბაზრო მოთხოვნა (46.6%) და შეზღუდული წვდომა ფინანსებზე (45.5%).