თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულების თარიღი ისევ უცნობია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, მიუხედავად ამისა, ახალ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი უკვე გადაყვანილია.
„ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ როდის დასრულდა მშენებლობა ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ამ ეტაპზე ახალ ზოოპარკში გარკვეული სახეობის ცხოველები უკვე იმყოფებიან, მათ შორის, მგლები, დათვები, ირმები, ნიამორები, ორი სახეობის ჯიხვი, აფრიკული მოხატული ძაღლები და ერთი აქლემი“, - განაცხადა გურიელიძემ.
ახალი ვოლიერი შენდება ლომის ბოკვერისთვის, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ლაშა ბექაურმა მასთან ერთად გადაღებული ვიდეო “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი ის თბილისის ზოოპარკში მიიყვანა.
„ამ ბოკვერისთვის ვაშენებთ ახალ ვოლიერს სხვა ლომებთან მისი გადაყვანა არ მომხდარა. ზოოპარკში მყოფ ლომებთან მისი გადაყვანა ვერ მოხდება, რადგან ლომებისთვის სხვა ბოკვერის მიღება ცოტა რთული საკითხია, ამიტომ ვაპირებთ სხვა ლომების ჩამოყვანას, მაგრამ ჯერ ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა გურიელიძემ
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკის გადატანის საჭიროება ჯერ კიდევ 2009 წელს, გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენებისას დადგა. მას შემდეგ კი, რაც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში სტიქია მოხდა, ზოოპარკის ქვედა ნაწილი მთლიანად განადგურდა. სტიქიიდან 3 თვეში ზოოპარკმა მუშაობა განაახლა, თუმცა, პარალელურად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარზე ახალი ზოოპარკის მოწყობის პროექტი დაიწყო. იყო საუბარი, რომ პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდებოდა და ზოოპარკი დამთვალიერებლებს ახალ მისამართზე 2018 წლის ბოლოს მიიღებდა. თუმცა პროცესი დროში იწელება. მთავარი მიზეზი კი, ფინანსების სიმწირეა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული კონცეფციით შენდება და ის დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით, ცალკე იქნება გამოყოფილი კავკასიის რეგიონი, ცალკე აზიის, აფრიკის და ა.შ.